საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორმა ხალიდ ხალიფას ახალი რომანი თარგმნა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა დარეჯან გარდავაძემ კიდევ ერთი თანამედროვე არაბი ავტორის, ამჯერად სირიელი რომანისტის ხალიდ ხალიფას ახალი რომანი „სიკვდილი მძიმე შრომაა“ თარგმნა, რომლის წაკითხვასაც ქართველი მკითხველი უახლოეს მომავალში შეძლებს.

ახალი რომანი, რომელზეც თსუ პროფესორი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომლის ავტორმა ხალიდ ხალიფამაც 2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გაიმარჯვა, სირიის დღევანდელობას ერთი ოჯახის ისტორიით მხატვრულად ასახავს.

ხალიდ ხალიფას რომანის თარგმანის გარდა კი, დარეჯან გარდავაძე არის ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნების მთარგმნელი, როგორიცაა ღასან ქანაფანის „კაცები მზეში“ და „ჰაიფაში დაბრუნება“, იბრაჰიმ ალ-ქუნის „ქვიდან ნაჟური სისხლი“ და „ოქროს ქვიშა“, იმან ჰუმაიდან იუნესის „ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი“, მომავალი ერთი წლის განმავლობაში კი თსუ პროფესორი  ქართველ მკითხველს იმან ჰუმაიდან იუნესის კიდევ ერთი საინტერესო რომანის ქართულ თარგმანს შესთავაზებს.

 

 

„ჩემი სტუდენტებისთვის, პირველ რიგში, ტექსტებზე მუშაობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ აკადემიური თარგმანები. ამ აკადემიური თარგმანების გზით კი, სტუდენტამდე უნდა მივიდეს თანამედროვე არაბული სალიტერატურო პროცესი,“ - აღნიშნავს თსუ პროფესორი.

დარეჯან გარდავაძე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის კათედრის პროფესორია, რომელიც არაბულმა ლიტერატურამ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიტაცა, მაშინ როცა 90-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტაჟირებით ერთი წლის განმავლობაში სირიის დედაქალაქ დამასკოში სწავლობდა.

 

თარიღი: 23/01/2021