ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა.
მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე თბილისსა და ქუთაისში 136 სტუდენტი ჩაირიცხა. სწავლა დაიწყო ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვა, საბაჟო საქმე, საბიბლიოთეკო საქმე, საწყობის ოპერირება და ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი.
პროფესიულ პროგრამებზე ინტერესი კვლავ მაღალია - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს 12 პროფესიულ პროგრამაზე:
სკოლამდელი აღზრდა (თბილისი/ქუთაისი),
ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი (თბილისი/ქუთაისი),
საბიბლიოთეკო საქმე (ქუთაისი),
ღონისძიების ორგანიზება (თბილისი/ქუთაისი),
Front-end დეველოპმენტი (თბილისი/ქუთაისი),
საფინანსო სერვისები (თბილისი/ქუთაისი),
საწყობის ოპერირება (ქუთაისი),
ტვირთების ექსპედირება (ქუთაისი),
ბუღალტრული აღრიცხვა (ქუთაისი).
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.