საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-მ ევროპული უნივერსიტეტების ასოციციის (EUA) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპული უნივერსიტეტების ასოციციის (EUA)თემატური ჯგუფის „უნარებისა და დასაქმებადობის მოთხოვნების დაკმაყოფილება“ (Meeting the skills and employability demands) პირველი შეხვედრა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, დისტანციურ ფორმატში გაიმართა. სამუშაო ჯგუფში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობდა. 

ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთი წლის მანძილზე გაცვლიან გამოცდილებას და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება. თემატურ ჯგუფში მთავარი აქცენტი საგანმანათლებლო პროგრამებში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განსაზღვრაზე, მათი კურიკულუმში ინტეგრირებასა და უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიების აქტიურ თანამშრომლობაზე კეთდება. 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბოლონიის პროცესსა და უმაღლესი განათლების ევროპული პოლიტიკის ფორმირებაში. ყოველწლიურად ევროპული უნივერსიტეტის ასოციაცია არჩევს თემატური ჯგუფის მონაწილე უნივერსიტეტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებაში აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობენ, მუშაობენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. თემატური ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საჯაროა და მათი მიზანია გაუზიაროს გამოცდილება სხვა უნივერსიტეტებს და დაეხმაროს შიდა პოლიტიკის განსაზღვრაში.

თსუ-მ ევროპული უნივერსიტეტების ასოციციის (EUA) პირველ თემატურ ჯგუფთან სტუდენტთა შეფასების საკითხზე წარმატებით დაასრულა მუშაობა, რომლის შესახებაც მომზადდა სპეციალური ანგარიში. 

თარიღი: 29/03/2020