საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კურსდამთავრებულმა მასარიკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა წითელ დიპლომზე დაასრულა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ინგა კაკულიამ მასარიკის უნივერსიტეტის კონფლიქტისა და დემოკრატიის სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა და წითელი დიპლომი გადაეცა.


მისი თქმით, ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დასრულება, უპირველეს ყოვლისა, მისი შრომის და მონდომების დაფასებაა. “ჩვენი გამოშვებისთვის ეს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. როდესაც სამაგისტრო პროგრამა დავიწყეთ, კოვიდ რეგულაციები მუდმივად იცვლებოდა, სტუდენტების დიდი ნაწილი ონლაინ ერთვებოდა ლექციებზე. მოგვიანებით, ამას სხვა საერთაშორისო კრიზისები დაერთო, მათ შორის, არასტაბილურობის შეგრძნების ყველაზე მკაფიო გამოხატულების მქონე მოვლენა - რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ამ ვითარების მიუხედავად, მასარიკის უნივერსიტეტმა ტრადიციებს არ უღალატა და უნივერსიტეტის გამოსაშვები ღონისძიება კვლავ ძველებურად გამართა. ამ ტრადიციების მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობა თავად აკადემიკოსებისგან, რაც შეეხება უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დასრულებას, ძალიან პრესტიჟულია. ასე რომ, ნამდვილად საამაყოა, რომ, უამრავი გამოწვევის ფონზე, მე და ჩემმა რამდენიმე კურსელმა პროგრამა წარჩინებით დავასრულეთ.


ინგა ჩეხეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში თსუ-ის მიერ შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში აღმოჩნდა. როგორც ის აღნიშნავს, გაცვლითი პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია.


ინგამ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას იმუშავა თეზისზე, რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკური ნიშნით მიყურადების შესახებ არსებულ წარმოდგენებს და მათ ნეგატიურ ზეგავლენას ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.


"ჩემი სამაგისტრო ნაშრომი საქართველოზეა, კერძოდ, უკანონო მიყურადების იმ გრძელ ისტორიაზე, რომელიც უკვე ათწლეულებია საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობის ნაწილია. ნაშრომი დისკურსის ანალიზია, თუმცა მის ფარგლებში რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს და აქტივისტს ვესაუბრე და არსებული თეორიული ცოდნა და ნაშრომები დემოკრატიასა და მიყურადების რთული და მრავალმხრივი ურთიერთობის შესახებ საქართველოს შემთხვევას მოვარგე".


მისი სამომავლო გეგმები კვლავ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება. ამჟამად, სამაგისტრო თეზისის აკადემიურ სტატიად გადაკეთებაზე მუშაობს და სურს, სტატია თსუ-ს ფარგლებში არსებულ ერთ-ერთ აკადემიურ ჟურნალში გამოაქვეყნოს.
 

რა გამოცდილება მიიღე ჩეხეთში?
 

ჩეხეთში სტუდენტებისგან ბევრად მეტ ინიციატივას და დამოუკიდებლობას ელოდებიან და ჩემი გამოცდილებაც ასეთი იყო. ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე ჩემი ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტუდენტ თანაშემწედ, რის ფარგლებშიც ფაკულტეტის ყოველთვიური პატარა გამოცემის შედგენაში ვიღებდი მონაწილეობას. ასევე, სოციალური ღონისძიებების ორგანიზებაში ვეხმარებოდი ჩემს გუნდს - ჩავწერე რამდენიმე ინტერვიუ ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებთან, რომლებიც უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. აქ სტუდენტებისადმი დიდ ყურადღებას იჩენენ და მსგავს აქტივობებში ჩართვით მეტი გამოცდილება გიგროვდება.


თსუ-ს როლი შენი სწავლის/კარიერის წარმატებით გაგრძელებაში?
 

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება გამორჩეული ლექტორებითაა სავსე და ჩემი აზრით, თსუ-ში მიღებულმა განათლებამ საკმაოდ ძლიერი საფუძველი მომცა, რომ ჩეხეთში სწავლისას სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურა ამეთვისებინა.

თარიღი: 19/04/2023