საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტი ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს შეუერთდა.

 

„საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში: ძველი და ახალი გამოწვევები“, ამ სახელით წარადგინა კვირეულის ფარგლებში მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კომენტარის თანაავტორმა, ნორბერტ ბერნსდორფმა  ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის ანალიზი,  საქართველოს მიერ ევროკომისიის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულებისას მიღწეულ შედეგებზე.

 

ონლაინ  ფორმატში გამართული მოხსენების შემდგომი დისკუსიისას  განხილეს ისეთი საკითხები , როგორიცაა საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების პრობლემები, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, როგორიცაა რელიგიური უმცირესობები და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ჯგუფები. ისაუბრეს იმის შესახებ თუ რა  თუ რა წყაროებს ეყრდნობა ევროკომისია თავისი დასკვნების შედგენისას.

 

6 დეკემბერს გამართულ საჯარო ლექციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მჭედლიძე ღონისძიების მონაწილეებს უკვე ისეთ საკითხებზე ესაუბრა, როგორიც არის, ევროპული კომისიის რეკომენდაცია მამხილებლის დაცვის გაძლიერებაზე და მამხილებლის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.

 

კერძოდ, ლექციაზე განხილული იყო ევროპული კომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიერ მამხილებლის ინსტიტუტის დაცვის გაძლიერებაზე; რას ნიშნავს მამხილებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად და რა სტანდარტებია მამხილებლის მიერ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რაც ეროვნულ დონეზე უნდა იქნეს დაცული, სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე და სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში.

 

8 დეკემბერს გამართულ საჯარო ლექციაზე კი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  მაია ბითაძის საუბრის ძირითადი თემა ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები იყო. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული გადაწყვეტილებები გარემოსდაცვითი, სოციალური, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ. მსჯელობა შეეხო ევროპული კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებს, რომლებიც ევროპული სასამართლოს მიერ ეკოლოგიური უფლებების  დაცვის რეალური ბერკეტს წარმოადგენს და რომელთა განმარტება, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მეტად მრავალფეროვანია.

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური    საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. წლევანდელ კვირეულში, საქართველოს 17 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

თარიღი: 08/12/2023