საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის დელეგაციის ვიზიტი კატარის უნივერსიტეტში

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჰასსან რაშიდ ალ დერჰამმა მოაწერეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და ერთობლივი საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებაზე.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად გამართავს შეხვედრებს და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯებს. კერძოდ, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სემინარებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების, პუბლიკაციების და სხვა ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას, ასევე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად თსუ სტუდენტების მიღებისთვის, რომლებიც კატარის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში სწავლობენ არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე. ქ. დოჰაში ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაციისთვის გაიმართა კატარის უნივერსიტეტის კამპუსის ტური. დელეგაციის წევრები ეწვივნენ კატარის კვლევით ცენტრებსა და ბიბლიოთეკას. დაათვალიერეს კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართული კუთხე. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზრუნებს ამ კუთხის თსუ გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნებით გამდიდრებაზე.

თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ხელშეწყობით გაიმართა.

თარიღი: 05/05/2023