თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღესთან დაკავშირებით ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად.
1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
ფაკულტეტის დღესთან დაკავშირებით თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიხსნა პროფესორების არჩილ გოკიელის და ნიკოლოზ ქოიავას სახელობის აუდიტორიები. ასევე, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.
რამდენიმე წელია, 30 ივლისს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.