საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის დოქტორანტები პრაქტიკულ კურსს ბერგენის უნივერსიტეტში გაივლიან

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებს საზღვარგარეთ საველე კვლევა სრულად დაუფინანსდებათ, პრაქტიკულ კურსს კი ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) გაივლიან. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტსა და ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტს შორის არსებული პროექტის NorGePart ფარგლებში  სტუდენტთა მიღება სამ პროგრამაზე გამოცხადდა.

პირველი პროგრამისთვის შერჩეულ დოქტორანტებს საზღვარგარეთ სამთვიანი ეთონგრაფიული საველე სამუშაოები დაუფინანსდებათ, საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტს სამთვიანი კვლევითი ვიზიტით ეწვევიან. მეორე პროგრამისთვის შერჩეული დოქტორანტები, ასევე სამი თვის განმავლობაში ბერგენის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტს ეწვევიან, სადაც ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალთან ერთად საკუთარ სადოქტორო კვლევის საკითხებს განიხილავენ და კონსულტაციებს გაივლიან, მონაწილეობას მიიღებენ ბერგენის საზაფხულო სკოლაში, ისარგებლებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაესწრებიან და აქტიურად ჩაერთვებიან ინსტიტუტის აკადემიურ ღონისძიებებში. მესამე პროგრამა კი თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის ერთობლივ საზაფხულო სკოლაში სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებს გაეცნობიან და საველე კვლევის პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.

პროექტის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ქეთევან ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამები პროფესიული განვითარების გზაზე სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს. „სამივე პროგრამა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა განსაკუთრებული სიახლეა ჩვენი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებისთვის საველე კვლევის დაფინანსება. საზღვარგარეთ კვლევა მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული, ამ პროექტმა კი სწორედ ეს უნიკალური შანსი გააჩინა. ჩვენი დოქტორანტები საკვლევი პროექტის წარდგენის საფუძველზე მიიღებენ სრულ დაფინანსებას და სამ თვეს მათთვის საინტერესო საკვლევ რეგიონში გაატარებენ, ამის შემდეგ კი სამი თვით ბერგენის უნივერსიტეტში იქნებიან, სადაც ჩვენი კოლეგების ხელმძღვანელობით მასალაზე იმუშავებენ და საერთაშორისო პუბლიკაციებს მოამზადებენ,“ - აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი.

თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი NorGePart საერთაშორისო თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების სააგენტოს (DIKU) მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა უკვე განხორციელდა.

„პროექტის ფარგლებში ერთობლივი სამაგისტრო კურსი „პოსტ-სოციალისტური საზოგადოებების ანთროპოლოგია“ განვავითარეთ, 2019 წელს ჩავატარეთ პირველი  ერთობლივი საზაფხულო სკოლა მეთოდოლოგიაზე, რომლის განმავლობაშიც ქართველმა და ნორვეგიელმა სტუდენტებმა 5 დღის განმავლობაში ერთობლივი საველე კვლევები განახორციელეს და ლექციები მოისმინეს. ასევე, 2019 წელს ჩვენი სადოქტორო პროგრამის ორმა დოქტორანტმა 3 თვის განმავლობაში ბერგენის უნივერსიტეტში სტაჟირების კურსი გაიარა,“ - აღნიშნავს თსუ პროფესორი.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის NorGePart მიზანია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ამ მიმართულებით მეტი სტუდენტის დაინტერესება.

პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულებს:

საზღვარგარეთ სამთვიანი საველე სამუშაოები და ბერგენის უნივერსიტეტში სამთვიანი მობილობა 

თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამთვიანი მობილობა

ქართულ-ნორვეგიულ საზაფხულო სკოლა

თარიღი: 31/01/2021