საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტები ლიდერობენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ.

 

2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან, ყველაზე მეტი - 35 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 35.7%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით. (იხილეთ ბმული).

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2022 წლის საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილმა 194-მა პროექტმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 180 პროექტი. რომელთაგან, თსუ-დან წარდგენილი 74 პროექტიდან დაფინანსდა 35 (წარდგენილი პროექტების 47%).

 

კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემიმართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

2022 წლის კონკურსის პირობების თანახმად წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე. ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. ამასთან, დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს. გამარჯვებულ დოქტორანტებს დაენიშნებათ სტიპენდია, დაუფინანსდებათ სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯები, საზღვარგარეთ სტაჟირებისა და კონფერენციაზე გამგზავრება/მონაწილეობის ხარჯების ჩათვლით.

 

ფონდის პირობების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატიის სახით გამოაქვეყნოს საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, ან წარმოადგინოს ცნობა ასეთი სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ. საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის რეიტინგული ჟურნალები, კრებულები და წიგნები, რომლებიც ინდექსირებულია Scimago Journal Ranking და Impact Factor რეიტინგებში ან/და Elsevier (Scopus და ScienceDirect), Web of Science, ERIH plus ბაზებში.

თარიღი: 18/10/2022