საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ გუნდის წარმატება საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპულ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლოს პროცესზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის საერთო ევროპულ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლოს პროცესზე და დაიკავა მეორე ადგილი!

 

იმიტირებული პროცესი ეფუძნება ICRC-თან და UNHCR-თან თანამშრომლობით შემუშავებულ ჰიპოთეტურ საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის ყველაზე აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს, ისევე, როგორც მიმდინარე კრიზისულ სიტუაციებს. შეჯიბრის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ლტოლვილთა სამართლის ფუნდამენტური კონცეფციების შესწავლაში კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების განხილვის საშუალებით და გაუუმჯობესოს მათი სამართლებრივი არგუმენტაციის პრაქტიკული უნარები გამოცდილი მოსამართლეებისა და დარგის სპეციალისტი პანელისტების წინაშე გამოსვლის მეშვეობით.

 

2023 წელს გუნდი დაკომპლექტდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. გუნდს წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები - მარიამ გუგავა, ხატია ჭიჭინაძე და შალვა ხიზანიშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული - სულიკო ჟღენტი, რომელიც თავად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული სასამართლოს პროცესის მონაწილე და გამარჯვებულია.

 

წელს საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობას იღებდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 16 გუნდი. თსუ-ს გუნდმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოდელირებაზე დაფუძნებულ ფინალურ რაუნდებში იასპარეზა საბერძნეთისა და სლოვაკეთის გუნდების წინააღმდეგ.

 

თარიღი: 28/11/2023