თსუ ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეობრივი პროგრამის, ტუტორიუმის შეჯამების ღონისძიებას გაიმართა.
ტუტორიუმი უნივერსიტეტში არაფორმალური განათლებისა და მხარდაჭერის პროგრამაა. მისი მიზანია ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების (ეთნიკური უმცირესობები) აკადემიური და სოციალური ინტეგრაციისა და ენის შესწავლის ხელშეწყობა გამოცდილი, უფროსკურსელი სტუდენტების, ტუტორების დახმარებით.
ტუტორიუმის პროექტი ინიცირებულია USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) .
საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, რომელიც 2010 წელს დაიწყო, წლიდან წლამდე იზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების რაოდენობა, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია. ამავდროულად იზრდება მათი ენობრივი და სოციალური ინტეგრირების საჭიროება. სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით და არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ხორციელდება თსუ-ში ტუტორიუმის პროგრამა. 2016 წლიდან დღემდე დაახლოებით 300-მდე მოხალისე ტუტორი, ხოლო 3900-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარი მონაწილეობდა პროგრამაში. 2024 წელს 30-მა ტუტორმა დაასრულა პროგრამა წარმატებით, ხოლო პროგრამიდან სარგებელი ეთნიკური უმცირესობის 370-მდე სტუდენტმა მიიღო. მოხალისე ტუტორები, გადამზდების შემდგომ, კოორდინაციას უწევენ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ერთ ჯგუფს (10-15 სტუდენტისაგან შედგება თითოეული ჯგუფი), ეხმარებიან ენობრივი ბარიერისაგან გამოწვეული პრობლემური საკითხების მოგვარებაში, ასწავლიან ქალაქსა თუ აკადემიურ სივრცეში ორიენტაციას, აცნობენ ქვეყნის მრავალფეროვნებას, ცნობიერებას უმაღლებენ სამომავლო პროფესიების შესახებ, რათა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საბაკალავრო საფეხურზე გადასვლისას, უვითარებენ მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარებს.
ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას ტუტორები როგორც პროგრამის ფარგლებში შემუშავებული გაიდის დახმარებით, ასევე საკუთარი ინიციატივებისა და ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელებით ცდილობენ.
ტუტორიუმის პროგრამა თავად ტუტორებს უვითარებს ლიდერულ უნარ-ჩვევებს, აძლევს ინტერკულტურულ გარემოში მოქმედების გამოცდილებას, უმაღლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ თავისი საქმიანობით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ზრუნვით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პროცესში.