საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ახალგაზრდული ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) თანამშრომლობით ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა, რომლის ბენეფიციარები არიან ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტები, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.

 

თსუ ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, ახალგაზრდული ცენტრის წევრები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 


ცენტრი შეიქმნა  ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების მხარდასაჭერად. თსუ ახალგაზრდული ცენტრის მიზანია: ახალგაზრდების გაძლიერება, მათი სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაცია, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ეკონომიკური ინტეგრაცია, შრომით ბაზართან შესაბამისი უნარების გაუმჯობესება და  მათი სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა.

 

ცენტრში აქტიურად ჩართულობით სტუდენტები განივითარებენ: საკვანძო და სასიცოცხლო უნარებს, პიროვნულ და სოციალურ კომპეტენციებს, კრიტიკული აზროვნების უნარებს, კომუნიკაციის უნარს, ინტერკულტურული მგრძნობელობის დონეს, მრავალმხრივ ხედვასა და ტოლერანტულ დამოკიდებულებებს განსხვავებულისადმი.


ცენტრში ფუნქციონირებს: თემატური კლუბები, საინფორმაციო კამპანიის მობილური ჯგუფები, მიკროგრანტების პროგრამები, რეგიონთშორისი გაცვლითი პროგრამები, ლექცია-სემინარებისა და ღონისძიებების ციკლი, ტუტორიუმის პროგრამა, თანატოლგანმანათლებელთა პროგრამა.

 

ახალგაზრდული ცენტრი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიხსნა.  პროგრამას ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი. „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ USAID-ის 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართ არსებული პოლიტიკური, სოციალური, და ეკონომიკური ბარიერების გადაჭრას ემსახურება. პროგრამის მიზანია ამ გამოწვევებს უპასუხოს საყოველთაო ჩართულობითა და სექტორებს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობით.    

 

 



 

თარიღი: 15/12/2022