საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ - არმენოლოგიის 100 წელი

 

არმენოლოგიის კათედრის დაარსების ასი წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოში ამ დარგის დაფუძნება-განვითარების ისტორიასა და გამოწვევებს ეძღვნება.

ღონისძიებაზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა ხაზი გაუსვა კათედრის ისტორიას, მის საქმიანიობასა და სამეცნიერო მიღწევებს: „არმენოლოგიის კათედრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითქმის თანატოლები არიან. ჩვენმა წინაპრებმმა 1918 წელს, უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე  იზრუნეს არმენოლოგიური საგნების შეტანაზე სასწავლო პროგრამებში. ხოლო 1922 წლიდან მათ უკვე დააარსეს არმენოლოგიის კათედრა და ეს იყო ძალიან ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოში არ ვითარდებოდეს არმენოლოგია. სომხეთსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ამ ისტორიული, კულტურული, ლიტერატურული კავშირების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.“

 თსუ მუზეუმში  არმენოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიხსნა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში არმენოლოგიის განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს: დავით ყიფშიძის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის, ივანე ჯავახიშვილის, ზაზა ალექსიძის, ივანე შილაკაძის, ილია აბულაძის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვა გამოჩენილ მოღვაწეთა ხელნაწერების დედნებსა და ფოტოებს, რომლებიც თსუ-ს  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

ექსპონატთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ილია აბულაძის ნაშრომი „სულხან-საბა ორბელიანის სომხური წყაროები“, ,,ქართლის ცხოვრების” ძველი სომეხი მთარგმნელი და მისი მოღვაწეობისდროინდელი ჩანაწერები, ,,სომხური დიალექტიკური ფორმები X -ის საუკუნის ქართული ხელნაწერის მიხედვით”, ივანე ჯავახიშვილის „ძველი სომხური საისტორიო მწერლობა“ და სხვა.  

„თსუ-ში ერთ-ერთი უძველესი, არმენოლოგიის კათედრის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე იმუშავებს რამდენიმე სექცია. თუმცა,  მკაცრად გამიჯვნა არ გამოდის ხოლმე, რადგან ქართველი არმენისტები ვმუშაობთ ქართველოლოგიის და არმენოლოგიის მიჯნაზე. ამიტომ კონფერენციაზე იმუშავებენ წყაროთმცოდნეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის მცოდნეები. ასე, რომ შინაარსობრივად ძალიან საინტერესო და შედეგიანი კონფერენციაა,“- განაცხადა თსუ  არმენოლოგიის კათედრის  ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათია ჩანტლაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არმენოლოგიის მიმართულების საგნების სწავლება  1918 წლიდან დაიწყო, ხოლო ცალკე კათედრად 1922 წელს ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში თსუ-მ მრავალი საერთაშორისო აღიარების არმენოლოგი აღზარდა.

თარიღი: 02/11/2022