საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თექალოდან თსუ-სკენ გაკვალული გზა და პირიქით

 „თსუ დესპანი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე წლებია არსებობს და რომლის საშუალებითაც სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის გაცნობის საშუალება აქვთ.  თუ რით შეიძლება იყოს თსუ მიმზიდველი და საინტერესო მათთვის, როგორც მომავალი სტუდენტებისთვის, თსუ სტუდენტი-დესპანები მშობლიური სკოლის მოსწავლეებს უყვებიან. სწორედ ისინი არიან საკუთარი უნივერსიტეტის დესპანები საკუთარ სკოლაში.

 

"თსუ დესპანი" და მე-9 კლასში დასახული მიზანი

 

ერთ-ერთი ვისაც სწავლა თსუ-ში „დესპანმა“ დააწყებინა გიულგიუნ მამედხანოვაა. მოგვიანებით, ის თავადაც გახდა დესპანი. საკუთარ, თექალოს საჯარო სკოლას ჯერ უნივერსიტეტის დესპანად ეწვია, შემდგე კი მასწავლებლის სახით დაუბრუნდა.  თსუ 2022 წელს დაამთავრა.   ამჟამად თაქალოს საჯარო სკოლაში  საგანს “მე და საზოგადოება” ასწავლის. მეორე პროფესიით  ჟურნალისტია, ფრილანსერის სტატუსით  ისეთ სოციალურ თემებზე ამზადებს სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა: ქალთა უფლებები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები, ინდივიდუალური ისტორიები და სხვა. ამას გარდა, გიულგიუნი მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვა ახალგაზრდებთან ერთად  სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს.

 

„თსუ-ს შესახებ  პირველად Მე-9 კლასში სწავლისას გავიგე, როდესაც ჩვენს  სკოლას სტუმრად ყოფილი მოსწავლე, უკვე თსუ-ს სტუდენტის სტატუსით ეწვია. “ის იმდენად დეტალურად, საინტერესოდ, ისეთი სიამაყით გვიყვებოდა კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტის შესახებ, რომლის ნაწილი უკვე თავადაც იყო, რომ სწორედ მაშინ გადავიწყვიტე, ერთ დღეს თსუ-ელი  მეც გავხდებოდი. გავხდი კიდეც... თსუ  საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობით დავამთავრე და სიღრმისეულად ვისწავლე გარემოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი. 

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიულგიუნმა იმავე წელს ჩააბარა მასწავლებლობის კომპეტენციის დამადასტურებელი 10-კრედიტიანი გამოცდა გეოგრაფიის მიმართულებით. შემდეგ წელს კი - სამოქალაქო განათლების გამოცდა.  როგორც თავად აღნიშნავს, მის კარიერულ წინსვლაში  თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.  „ჩემს მოსწავლეებს დიდი მოტივაციით ვასწავლი საგანს „მე და საზოგადოება“.  ამას გარდა, საინიციატივო “მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის” აქტიური წევრი ვარ. ჩვენი მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებით.  ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივ ფერმერებს, რათა თავისი სასოფლო მეურნეობა გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განავითარონ, მოიყვანონ სუფთა პროდუქცია, არ დააჩქარონ თავისი საქმიანობით კლიმატის ცვლილება და თანამედროვე სოფლის მეურნეობის ასპექტებს ახლოდან გაეცნონ. მიმაჩნია რომ, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი წვლილი შემეტანა ამ ჯგუფის საქმიანობასა და მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, - აღნიშნავს თსუ კურსდამთავრებული.

 

„მულტისექტორული ჯგუფის გარდა  მოსწავლეებთან ერთად 3 წლის წინ შევქმენი ეკო -კლუბი „მწვანე აზროვნება“. მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პლასტმასების ნარჩენების ეფექტიანად მართვისთვის, ვახორციელებთ პროექტებს და აქტივობებს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გავხსენით პლასტმასას მიმღები პუნქტი მარნეულში და გამოვაცხადეთ კამპანია „მარნეული პლასტმასის გარეშე“. მარნეულის მოსახლეობის ჩართულობით შეგროვილ პლასტმასს ვაბარებთ პლასტმასების მიმღებ ქარხანაში და ამით ხელს ვუწყობთ მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვას. ასევე წელს საბიუჯეტო ინიციატივა შევიტანეთ მარნეულის მერიაში და მოვითხოვეთ, მუნიციპალურ დონეზე დაწესდეს “მარნეულის დასუფთავების დღე”.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუკის გვერდი https://m.facebook.com/ProtectEnvironment12/

 

როდესაც პროექტების უმეტესობას თსუ-მდე მიჰყავხარ...

 

სოციალურ და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელთა შესწავლა ჩემთვის სიამოვნება იყო. მაგალითად, ჟურნალისტიკა და  პოლიტიკა, სოციალური სამუშაო, სოციოლოგია.  საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლებისას არჩევით საგნებს ამ პროგრამიდან ვირჩევდი.  თამამად შემიძლია გითხრათ რომ, ახლა უკეთ ვიაზრებ რამდენად საჭირო საგნებთან მქონდა შეხება  და მიხარია რომ ამის ნაწილიც ვიყავი. თუ გიყვარს გეოგრაფია, ამავდროულად გაინტერესებს გარემოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირები და კანონზომიერება, გინდა გაიგო 21-საუკუნეში მსოფლიო რუკები რატომ არის გამოწვევებით სავსე და  ამაში გეოპოლიტიკას რა როლი აქვს? როგორც პიროვნება, გინდა ხედავდე  შენს ადგილს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში? მაშინ საზოგადოებრივი გეოგრაფია აუცილებლად უნდა აირჩიოთ. ძალიან მრავალფეროვან გამოცდილებას მიიღებთ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში. მაგალითად, მე საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლებისას კვლევის მეთოდებიდან დაწყებული, პოლიტიკური გეოგრაფიით დამთავრებული აქტიურ მოქალაქისთვის საჭირო ყველა შესაბამისის ცოდნა და უნარ-ჩვევები შევიძინე. 

 

„თსუ დესპანი“ ჩემთვის  ერთ-ერთი  ღირებული პროექტი იყო.  მის ფარგლებში ჩემს სოფელში, ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის თსუ-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გავმართე. მოსწავლეებმა თსუ-ის ისტორიის,  უმაღლესი განათლების მიღებისას მისი მნიშვნელობის, უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მიხარია რომ, ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მოსწავლის არჩევანი  თსუ იყო. ვფიქრობ მათთვის მსგავსი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია.

 

„დესპანის“ შემდეგ აქტიურად დავიწყე მუშაობა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და დღემდე ვახორციელებ მათ პიროვნულ და კარიერულად განსავითარებელ პროექტებს.  ამ მხრივ აქტიური მოღვაწეობისთვის კონკურს “2021 წლის ახალგაზრდული მუშაკი”- ის 11 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გავხდი.  ახალგაზრდობის სააგენტომ ოფიციალურად მაღიარა  წლის  ახალგაზრდულ მუშაკად ქვემო ქართლის რეგიონიდან, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

 

მეორე თსუ-სთან დაკავშირებული პროგრამა, ტუტორიუმის პროგრამაა,  რომელიც მიზნად ისახავს „თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ სტუდენტთა აკადემიურ დახმარებას, ახალგაზრდების პრაქტიკული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და ა.შ. ამ პროგრამაში  2020 წლის სექტემბერში ჩავერთე და ოფიციალურად დავასრულე 2021 წლის აპრილში. მის ფარგლებში, კვირაში მინიმუმ 2-3 შეხვედრას ვუტარებდი სტუდენტებს ისეთ   თემატიკაზე როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიაწიგნიერება, სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდები, ლიდერული უნარ-ჩვევების გამავითარებელი ტრენინგები და ა.შ.  ასევე ვეხმარებოდი აკადემიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევების გადალახვაში, ვუტარებდი ქართული ენის შემსწავლელ სემინარებს/შეხვედრებს. პანდემიის პერიოდში დისტანციურმა განათლებამ ბევრი  გამოწვევა გაუჩინა სტუდენტებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების  წარმოადგენლებს.  როგორც იცით, ეს ახალგაზრდები უნივერსიტეტში განსხვავებული გზით, ქართული ენის  მომზადების პროგრამით (1+4 პროგრამით) ირიცხებიან. ერთი წელი უნვერსიტეტში სწავლობენ სახელმწიფო ენას და პირველკურსელები მერე ხდებიან. ამ ერთი წლის განმავლობაში ენის სწავლის გარდა არაფორმალური განათლების მეშვეობით ანვითარებენ ლიდერულ - სამოქალაქო უნარ-ჩვევებს. პანდემიის  დაწყებამ კი მათ  ამ მხრივ ხელი შეუშალა. აქედან გამომდინარე გადავიწყვიტე ვყოფილიყავი ტუტორი და  სტუდენტებს ამ სირთულეების გადალახვაში დავხმარებოდი.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც სულ ვფიქრობდი,  თუ როგორ დავხმარებოდი ქართული ენის შესწავლაში ეთნიკურ უმცირესობებს. ქართული ენის სწავლება სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ Ჩვენი ქვყენის განვითარებაში და კეთილდღეობაში,  საერთო ძლიერებაში ჩვენ, მოქალაქეებიც აქტიური უნდა ვიყოთ და ერთად ავაშენოთ ინკლუზიური, განვითარებული, მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე დაფუძნებული ძლიერი ქვეყანა.

 

თსუ-ს ამ მიზნის მიღწევაც უკავშირდება. ჩემს მეგობარ მარიამ ისპირიანთან  ერთად 2022 წელს მონაწილეობა მივიღეთ სტარტაპ კონკურსზე “Big Idea Challenge”-ზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სტატუსით და გავიმარჯვეთ.   „GRANDALA”-ს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 

 

მოგებული გრანტით დავიწყეთ სოციალურ საწარმო „გრანდალას“ შექმნა, რომელიც  იქნება ქართული ენის შემსწავლელი ონლიან პლატფორმა. მისი საშუალებით დავაკავშირებთ  ქართული ენის კვალიფიციურ მასწავლებლებს ქართული ენის  შესწავლის მსურველ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთან. ამით ვქმნით დამატებით რესურსებს  ეთნიკური უმცირესობებისათვის, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. “გრანდალას” ვებგვერდი  და სხვა საორგანიზაციო საკითხები ალბათ  2024 წლის თებერვლისთვის დასრულდება. ვამაყობ რომ, ამ იდეის გარშემო ბევრი ადამიანი და მხარდამჭერი შეიკრიბა. 

 

პრაქტიკული რჩევა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის

 

ახალგაზრდებს ვურჩევდი, სტუდენტობის ყველა წამით დატკბნენ. ვფიქრობ ეს დრო ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე შეუდარებელი  კვეთაა კარგი და ცუდი ცხოვრებისეული გაკვეთილებისა. ასევე  ვურჩევდი ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს,  განათლების მიღებასთან ერთად სტუდენტობისას აქტიურად იყვენენ ჩართული პროექტებში, სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში და ქართველ თანაკურსელებთან აქტიურ კომუნიკაციაში. ეს ყველაფერი ქართული ენის უკეთესად სწავლაში დაგეხმარებათ, ჩამოყალიბდით როგორც მოაზროვნე მოქალაქე, რათა უფრო ადვილად შეეძლოთ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება.

 

 სტუდენტობისას ძალიან მორცხვი ვიყავი და გარშემომყოფებთან კომუნიკაციას გარკვეული პერიოდი ვერ ვამყარებდი. თან თბილისში ცხოვრება, ჩემი საყვარელი სოფლიდან, მშობლებისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა ცოტა მეძნელებოდა. მიუხედავად ამისა, თსუ-მ მომცა მშვენიერი შესაძლებლობა, გამეცნო ჩემი კურსელები, ლექტორები და მიმეღო თავის საქმის პროფესიონალი ადამიანებისაგან ღირებული ცოდნა და პატივი, ვყოფილიყავი მათი სტუდენტი.

 

ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა და მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობა. სტუდენტობის დროს ბევრი კურსელისგან მსმენოდა ერასმუსის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ და  მათში მონაწილეობის სურვილი მეც გამიჩნდა. არსებობს გამოთქმა, „სამყარო ცდილობს ის ოცნება აგისრულოს, რაც გულით გწადია“. ბევრი ცდის შემდეგ ამირჩიეს ბელგიაში 2-თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში და რა დროსაც ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღე. იქ ყოფნისას გავეცანი  ახალგაზრდულ და სოციალურ მუშაკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,  განმანათლებლებს,  რამაც შესაძლებლობა მომცა, იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში ახალგაზრდებთან მუშაობისას  გამოვიყენო.

 

ჩემი უახლოესი მიზანია საინიციატივო “მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი” დავარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაციად და უფრო მასშტაბური პროგრამები განვახორციელოთ უკვე მთლიანად ქვემო-ქართლის რეგიონში. Სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და ამ სფეროს ყურადღების ცენტრში მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებით და რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშეწყობით,  პოზიტიურ ცვლილებას მოვახდენთ რეგიონში.

 

ჩემი სამომავლო გეგმები გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მენტორის სტატუსის მიღებას და მასწავლებლობის სფეროში კარიერულ დაწინაურებას უკავშირდება. აზერბაიჯანულენოვან სკოლებს ნამდვილად სჭირდებათ პროფესიონალი მასწავლებლები ქვეყანაში საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.

 

Სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ დღეს ჩემი უმცროსი ძმაც თსუ-ს სტუდენტია  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მულტილინგვური განათლების სპეციალობით სწავლობს. მიხარია, რომ ის დაანგრევს სტერეოტიპს თითქოს, დაწყებითი კლასის მასწავლებლობა მარტო ქალის საქმეა და მომავალში ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელი იქნება. 

თარიღი: 18/12/2023