საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კონკურენციის სააგენტოს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს ხელი. 
„ძალიან ბევრი მიმართულებით მოხდება ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც დაიდო სახელმწიფო უწყებასთან და, ვვარაუდობთ, რომ ბევრი სხვა უწყება ჩაერთვება ანალოგიურ საქმიანობაში. ჩვენთვის საინტერესო და მისასალმებელია სტაჟირების პროგრამა, ეს ხელს შუწყობს სტუდენტების დასაქმებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ეს პროგრამა იქნება ურთიერთმომგებიანი ყველა მხარისთვის“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ
როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გაფორმდა პირველი მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „ეს არის ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება, ვინაიდან ითვალისწინებს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გამოყენებას კონკურენციის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში, ასევე ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გამოყენებას უნივერსიტეტის პროფესორების კვლევის გაუმჯობესებაში, სტუდენტების სტაჟირებისა და მათი პროფესიული ზრდის მიმართულებით”-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ხელს შეუწყობენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო და შემეცნებით პროექტებს. თსუ და კონკურენციის სააგენტო დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს, სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებს; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისზიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან სააგენტოში.  მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაფორმდა.


თარიღი: 20/11/2018