საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კობეს უნივერსიტეტს (იაპონია) შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კობეს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. დელაგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კობეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ინოე ნორიუკი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მასუმოტო ჰიროკო და პროფესორი ვალერი გრეჩკო. ვიზიტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კობეს უნივერსიტეტს (იაპონია) შორის მემორანდუმი გაფორმდა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კობეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინოე ნორიუკიმ  მოაწერეს.

„კობეს უნივერსიტეტი უკვე ჩვენი მესამე პარტნიორია იაპონიიდან. იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან აქტიური, დიდი, დინამიური და განვითარებადი უნივერსიტეტი იაპონიაში.  ჩვენი საერთო ინტერესის საგანს ძალზე ბევრი საკითხი წარმოადგენს, ეს არის გაცვლითი პროგრამები, თანამშრომლობა კვლევით საქმიანობაში, მონაწილეობა საგრანტო პროექტებში და სხვა. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაც ჩვენთვის ამ კუთხით დიდ ინტერესს წარმოადგენს იაპონისტიკა გახლავთ. კერძოდ, იაპონურის სწავლება და ამ კუთხით უნივერსიტეტში კვლევების განვითარება. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ინტენსიური იქნება ორივე მხარისთვის“,-განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის შემდეგ.

„ჩემთვის ძალზე დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სამეცნიერო, კვლევით სფეროში, იქნება ეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული  თუ სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები. უახლოეს პერიოდში ეს თანამშრომლობა უფრო თვალშისაცემი გახდება, რადგან მის გაღრმავებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა კობეს უნივერსიტეტის რექტორმა ინოე ნორიუკიმ.

თარიღი: 26/07/2019