საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

თსუ სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე. ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა თსუ პროფესორების ჩართვაზე ცენტრის ტრენინგებში. მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციის სასწვლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს.  
 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღონ იმ ტრენინგებში,  სწავლებაში, რასაც სთავაზობს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ასე, რომ მემორანდუმი დააახლოებს ამ ორ ინსტიტუციას და ეს იქნება უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისათვის საკმაოდ საინტერესო,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ
 

მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმება და განახორციელდება სასწავლო პროექტები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ღონისძიებები, თემატური სემინარები, კონფერენციები, დისკუსიები და ტრენინგები. ასევე, შესაძლებელია, ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.
 

„მემორანდუმის მთავარი მიზანია ორი ძირითადი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა: სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხები. სასწავლო ცენტრი გეგმავს უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში. უკვე დაწყებულია ტრენერების მომზადება და ამ მიმართულებითაც აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იმედი მაქვს, მემორანდუმს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც სასწავლო ცენტრისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის,“ - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ
 

მხარეები ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმავენ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, პროფესიონალი კადრების აღზრდის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერთა ბაზისთვის ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის ღონისძიებებს და შექმნიან მოტივირებულ ახალგაზრდა ტრენერთა რეზერვს ფსიქოლოგიის მიმართულებით. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კი კლინიკური სწავლების მეთოდით ერთობლივად განახორციელებენ პრაქტიკულ კომპონენტს „იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკა“, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ ტრენერის პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან ტრენინგების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება. 

 

თარიღი: 07/12/2022