2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიას მიიღებენ.
ფონდის სტიპენდია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს: თამარ ხარჩილავას, მედეა გოგრიჭიანს, ქეთევან მამალაძეს და ნინო ოდიშარიას შემოდგომის სემესტრში უკვე გადაეცათ. „დიდი მოტივაცია უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად,“ -აღნიშნავენ დაფინანსებული სტუდენტები ფონდის მიერ მიცემული შესაძლებლობის შესახებ.
გაწეული შრომის დაფასება აღმოჩნდა მთავარი მოტივაცია თამარ ხარჩილავასთვის. როგორც სტიპენდიანტი ამბობს, მსგავსი სახის სტიპენდიების არსებობა ადასტურებს, რომ შენი გაკეთებული საქმე უკვალოდ არ ქრება. „თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია სტუდენტებს წინსვლის მოტივაციას აძლევს. ზოგადად, ადამიანის წახალისება ძალიან კარგია, მაგრამ, როცა საქმე განათლებას ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს,“ - აღნიშნავს თამარი.
ერთ-ერთი სტიპენდიანტის ქეთევან მამალაძის თქმით, სწორედ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდია მისთვის მოტივაცია, ისეთივე მაღალი აკადემიური მოსწრებით გააგრძელოს სწავლა, როგორითაც შეძლო ფონდის სტიპენდიანტი გამხდარიყო. „გზა, რომელსაც გავდივართ, გვაძლიერებს, ფასდაუდებელ გამოცდილებას გვაძლევს, უკეთესად გვაქცევს და საბოლოოდ, მომავალში, დიდ როლს თამაშობს ჩვენი საქმის წარმატებით წარმართვაში. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე კი ამ მნიშვნელოვან როლს სწორედ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ითავსებს,“ - აღნიშნავს ქეთევანი.
კიდევ ერთი სტიპენდიანტი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნინო ოდიშარია აღნიშნავს, რომ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია წინსვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფინანსურად საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. „დიდი მოტივაციაა, როდესაც რჩეულ სტუდენტებს შორის ხვდები და ისეთი წარმატებული ორგანიზაცია გამჩნევს, როგორიც თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდია. ამასთან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა ყველა სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ნინო.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა და მისი მიზანია, წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება. საგანმანათლებლო ფონდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გასცემს, თუმცა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი მომდევნო წელს ფაკულტეტების და შესაბამისად, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის ზრდას აანონსებს. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბიუჯეტი ყოველწლიურად მოიმატებს და შესაბამისად, გაიზრდება წახალისებული სტუდენტების რაოდენობაც. „ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში პრიორიტეტებად საბუნებისმეტყველო, პედაგოგიური, სამედიცინო, სამშენებლო, სამთო ფაკულტეტები შევარჩიეთ. შემდეგში სხვა მიმართულებებსაც დავამატებთ.მინდა, რომ ფონდის მიერ წახალისებული ნიჭიერი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდოს და ისინი კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.ფონდი ყველაფერს გააკეთებს, რომ სწავლა და განათლება წახალისდეს,“ - ამბობს თამაზ ბექაია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი“ სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და მის მთავარ მისიას უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს.