თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ზვიად გაბისონიასთან და რექტორის მოადგილესთან კახაბერ ჭეიშვილთან ერთად ქუთაისში თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სწავლებისა და პროფესიული მომზადების პროცესის პირობებს და განიხილეს ცენტრის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
რექტორმა ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა პროფესიული ცენტრის როლს რეგიონული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებაში და აღნიშნა, რომ თსუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. ,,ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მაღალი ხარისხის განათლება საკუთარ ქალაქში მიიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შევუქმნათ თანამედროვე გარემო, რომელიც მათ ცოდნის, უნარებისა და პროფესიული გამოცდილების მიღებაში დაეხმარება,” – განაცხადა რექტორმა.
,,პროფესიული განათლება დღეს ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ასეთი ცენტრები ქმნის ძლიერ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს ქუთაისსა და თბილისში 18 საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამაზე უკვე სტუდენტების მე-19 ნაკადი მიიღო. რეგიონში ლიდერი უნივერსიტეტი აკადემიურ პროგრამებთან ერთად 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანს ახალი პროფესიის შესწავლისა და კარიერული განვითარების საშუალებას აძლევს.