საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 9 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე თსუ პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (#107) აუდიტორიაში მუშაობას დაიწყებს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“ (იხ. http://khmaladze-75-tbilisi-2019.tsu.ge), რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მსოფლიო რანგის მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა. 
პროფ. ესტატე ხმალაძე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია.  პროფესორი ბერნარდ სილვერმანი (ბრისტოლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორი, სამეფო სტატისტიკური საზოგადოებისა და მათემტიკური სტატისტიკის ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი) ე. ხმალაძის მარსდენის მედალზე წარდგენისას თავის მხარდამჭერ წერილში წერდა: „პროფ. ე. ხმალაძეს გააჩნია მნიშვნელოვანი (substantial) საერთაშორისო რეპუტაცია სტატისტიკოს მკვლევარებს შორის და თქვენ (ახალზელანდიელებს) ძალიან გაგიმართლათ, რომ ის არის წევრი და ლიდერი ახალზელანდიური აკადემიური საზოგადოების და იგი ძალიან იმედოვნებს, რომ მისი უპირატესობა (his excellence) აღნიშნული იქნება ამ პრემიით“.  

პროფესორი ე. ხმალაძე ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის. ახლახან CRC Press, Taylor & Francis Group გამომცემლობის მიერ გამოიცა მისი მორიგი მონოგრაფია “Statistical Methods with Applications to Demography and Life Insurance”. ესტატე ხმალაძის შრომები ხასიათდება ინტერესების არაორდინარული სიფართოვით, ხოლო სტატისტიკური პრობლემების მისეული ახალი უჩვეულო ამოხსნები კი მოულოდნელი აღმ-ოჩენებით სტატისტიკიდან დაშორებული მათემატიკის ნაწილებში. ე. ხმალაძემ ამოხსნა ფუნდამენტური მნიშვნელობის სტატისტიკური ამოცანები და განავითარა ახალი მეთოდები სტატისტიკური კვლევების რამდენიმე მიმართულებით. 1981 წელს მან გადაწყვიტა პრობლემა, რომელიც 25 წლის მანძილზე ღია იყო და ახლა წარმოადგენს თავისუფალი ტესტირების თანამედროვე თეორიის საფუძველს. მის მიერ შემოთავაზებულ იქნა არაორდინარული მიდგომა, რომელმაც აჩვენა ახალი კავშირები მარტინგალების თეორიასა და ემპირიული პროცესების თეორიას შორის, რომელიც მანამდე განცალკევებულ მიმართულებებად ითვლებოდა. 1991 წელს, მან მიიღო მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, ე. წ. დათვალიერების (scanning) მარტინგალები, რომლებიც ახალი ტიპის სივრცული მარტინგალებია. ხმალაძის მიერ შემოთავაზებული მიდგომის ნაწილი, რომელიც ამჟამად ცნობილია „ხმალაძის გარდაქმნის“ სახელწოდებით, ფართოდ გამოიყენება სტატისტიკის მრავალი მიმართულებით. მოგვიანებით, ხმალაძემ შემოგვთავაზა ზოგადი მიდგომა სხვადასხვა მიმართულებებს შორის კავშირის დასადგენად და უდიდესი წვლილი შეიტანა გეომეტრიის გამოყენებაში სპეციალური სტატისტიკური ამოცანებისათვის. მან გააფართოვა გადასვლის წერტილის ცნება გადასვლის სიმრავლემდე, რამაც მოითხოვა წარმოებულის ცნების ახალი და მნიშვნელოვანი განზოგადოება სიმრავლური წარმოებულის ცნებამდე (რომელიც აღიარებულ იქნა თანამედროვეობის ისეთი გამოჩენილი მათემატიკოსის მიერ როგორიცაა ჟ.-პ. აუბინი (J.-P. Aubin)). სიმრავლური წარმოებულის ცნების შემოღებამ მას საშუალება მისცა განეზოგადებინა ლე კამის შედეგები სიმრავლური ინდექსების მქონე სტატისტიკური ამოცანებისათვის, რაც მანამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. ყველა ამ სიახლეს უეჭველად ექნება მომავალში სულ უფრო და უფრო მზარდი გამოყენებები, ვინაიდან მონაცემთა სტატისტიკა და ანალიზი “კლასიკური” მდგომარეობიდან, სადაც მონაცემები წარმოადგენდნენ რიცხვებს, გადადის თანამედროვე მდგომარეობაში, სადაც მონაცემები წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ფორმებით.  

განსაკუთრებული და მრავალმხრივია პროფ. ე. ხმალაძის თანამშრომლობა თსუ-სთან, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და დღესაც ნაყოფიერად გრძელდება. ის აქტიურად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. მისი ხელმძღვანელობით სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი დაიცვა თსუ-ს არაერთმა კურსდამთავრებულმა (მათ შორის არიან: ე. ფარსადანიშვილი, რ. მნაცაკანოვი, ა. ფარაჯანაძე, ა. ნიქაბაძე, ნ. მაღლაფერიძე, ზ. ციგროშვილი, ნ. ტორონჯაძე, ე. შინჯიკაშვილი, გ. კვიჟინაძე და სხვები) როგორც თბილისში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა ამსტერდამი, ედინბურგი, კანბერა, ველინგტონი და სხვა. მისი აღზრდილები დასაქმებული არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ფინანსურ სტრუქტურებში (მაგალითად, რ. მნაცაკანოვი ამჟამად დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორია, ნ. ტორონჯაძე კი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კანცლერი). იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”. აღსანიშნავია, რომ პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან. აარსებდა რა სტიპენდიას, პროფესორ ესტატე ხმალაძის ერთ-ერთი მოტივი (რა თქმა უნდა, სტუდენტის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის აღიარებასთან და მატერიალურ წახალისებასთან) ერთად ისიც იყო, რომ ასეთი ფაქტი გამხდარიყო გადამდები და სხვებსაც (და მათ შორის გამარჯვებულებსაც) მომავალში გასჩენოდათ ანალოგიური ქველმოქმედების სურვილი, რაც უდაოდ წაადგება ახალგაზრდების შემობრუნების პროცესს განათლებისა და მეცნიერებისკენ. 

თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტი-კული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით. წელს, თსუ-ს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურების, წარმატებული და ნაყოფიერი სამეცნიერ-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი ფუნდამენტური წვლილისათვის, მას გადაეცემა თსუ მედალი.  
     

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ვლადიმირ ჭავეჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

კონფერენციის პროგრამული კომიტეტის თავმჯდომარეა, რობერტ მნაცაკანოვი (ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ვირჯინიის უნივერიტეტის პროფესორი). კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები არიან: ომარ ფურთუხია (თსუ პროფესორი) და ვახტანგ კვარაცხელია (სტუ პროფესორი).



თარიღი: 05/09/2019