20 - 21 ოქტომბერს ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრა გამართავენ ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესს (https://iranologia.es/), რომლის ძირითადი თემაა – „ირანისტიკა – ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთმცოდნეები საქართველოს, ესპანეთის სამეფოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, პოლონეთის, გერმანიიის, დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრებიდან. კონგრესის მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. სამუშაო ენები - ქართული, ესპანური, ინგლისური, სპარსული. კონგრესზე ჰიბრიდულ რეჟიმში იმუშავებს ისლამამდელი და თანამედროვე ირანის სექციები, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ძველი და თანამედროვე ირანის ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, სპარსული ენის მრავალფეროვან პრობლემებზე, ირანისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე.
კონგრესის ფარგლებში გაიმართება ორი წიგნის პრეზენტაცია: 1. მოჰსენ ბაჰრამნეჟადი (ყაზვინი) წარმოადგენს წიგნს „ქართველი სპასალარის, როსტომ ხანის ისტორია“; 2. მანდანა თიშეიარი (თეირანი) კი „ქართული მოთხრობების“ სპარსულ თარგმანს.
ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების კონგრესი ყოველწლიურად ტარდება ესპანეთის სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. წარმატებული ფორუმების შემდეგ, SEI-მ საზღვრების გაფართოება გადაწყვიტა. მერვე ფორუმი ესპანეთის ფარგლებს გარეთ 2018 წლის ნოემბერში თეირანის (ირანი) უნივერსიტეტში გაიმართა. ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების საიუბილეო კონგრესს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ SEI-ის პრეზიდენტი, ირანისტი, პროფ. თეა ვარდოსანიძე ჩვენი უნივერსიტეტის აღზრდილი და კურსდამთავრებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.