საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი, USAID-ის ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ვერონიკა ლი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ეწყობა. ეს არის ახალგაზრდა ენერგეტიკოსების შეკრება, სადაც ძირითადად საუბარი შეეხება კარიერულ  ზრდას, შესაძლებლობებს, რომელიც ამ სექტორს გააჩნია, ინოვაციებს, რომელიც ამ სექტორში არის. ამ სექტორით ბევრი სტუდენტია დაინტერესებული. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს განახლებადი ენერგეტიკა, ძალიან გვაინტერესებს თანამედროვე მიდგომები და ის ინოვაციები, რომელიც ამ სექტორში ვითარდება. ვვარაუდობთ, რომ უნივერსიტეტმა თავის როლი უნდა შეასრულოს იმ ტექნოლოგიურ გარღვევაში, რომელიც ამ მიმართულებით არის შესაძლებელი,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონფერენციის ფარგლებში მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების  და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ენერგეტიკის სფეროს ინოვაციებსა და საინტერესო ტექნოლოგიები, ასევე არსებული სასწავლო პროგრამები და კარიერული განვითარების პერსპექტივები.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის საჭიროა სტუდენტების მეტი ჩართულობა.

 „ამ კონფერენციის მთავარი მიზანია ენერგეტიკის დარგში არსებული გამოწვევების, შესაძლებლობების ახალგაზრდებში პოპულარიზაცია, მათი მაქსიმალური ჩართვა. ვინაიდან ჩვენი ენერგეტიკის დარგი საკმაოდ ჩქარი ტემპებით ვითარდება, გვაქვს გამოწვევები. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართული იყვნენ, გაიზარდონ პროფესიონალურად და მიიღონ შესაბამისი განათლება, რომელიც ადეკვატური იქნება დღეს არსებული გამოწვევების - განახლებადი ენერგიების, სუფთა ენერგიების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების,“ - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.    

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ ენერგეტიკული  ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიას (საქართველოს სახელმიწფო ენერგოსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადისტრიბუციო კომპანია, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიები) და  უშუალოდ გაიგოთ, რა კარიერული შესაძლებლობები არსებობს სექტორში.

USAID-ის ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის ვერონიკა ლის თქმით, USAID-ის მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მიზიდვა ენერგოსექტორში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტუდენტები ჩაერთვებიან და სურვილი გაუჩნდებათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან USAID-მა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის  ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ენეგერტიკის სფეროს განვითარებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის - რაც შეიძლება მეტი განათლებული და აქტიური ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ სფეროში,“- ამბობს ვერონიკა ლი.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ენერგეტიკის დარგში გამოცდილ ექსპერტებს, დისკუსიის თემა დარგში არსებული სიახლეები და საინტერესო ინოვაციები იყო.

კონფერენციის ფარგლებში  ენერგეტიკის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამის მქონე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობითი სადისკუსიო პანელი ჩატარდა.  პანელზე მათ არსებული გამოწვევები, მათ შორის სტუდენტების ენერგეტიკის სექტორში წარმატებით დასაქმების  საკითხი განიხილეს.

 







თარიღი: 28/06/2018