საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელიდა კვანტალიანის მოსაგონარი

2024 წლის მიწურულს, სულ ერთი კვირის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის პროფესურას გამოაკლდა  ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, თურქოლოგი ელიდა კვანტალიანი, რომლის პროფესიული შრომითი გამოცდილება 1970 წლიდან უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაშინდელი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქოლოგიის კათედრას, სადაც მისი აკადემიური კარიერა თურქული ენის რიგითი მასწავლებლიდან დაიწყო და დოცენტისა და 1999 – 2005 წწ. უკვე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას მიაღწია.

 

ელიდა კვანტალიანი სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა სასპეციალიზაციო კურსებს თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ყველა ზემოჩამოთვლილ პოზიციაზე ის სიყვარულითა და გულისხმიერებით ემსახურა მშობლიურ უნივერსიტეტს, მის სტუდენტებსა და  საკუთარ დარგს – თურქოლოგიას. ელიდა კვანტალიანის დეკანობის პერიოდში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც ტრადიციულად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებისა და კულტურის, ისტორიის სწავლება-კვლევაზე იყო ორიენტირებული, სწორედ მისი ძალისხმევითა და ხელშეწყობით გაიხსნა შორეული აღმოსავლეთის (იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულების პირველი საგანმანათლებლო პროგრამები.

 

ელიდა კვანტალიანის ნაშრომებს: თურქულ-ქართული სავარჯიშოების კრებული (2011წ.); ქართულ-თურქული ლექსიკონი (2010 წ.); თურქული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო (2009 წ.); თურქული ქრესტომათია ლექსიკონით (2002 წ.); ნაცვალსახელები თანამედროვე თურქულ ენაში (1995 წ.); თურქულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-თურქულ ლათინური სამედიცინო ლექსიკონი (2024 წ.) არ დაუკარგავს აქტუალობა და დღესაც ქართველი თურქოლოგების ახალი თაობების აღზრდას ემსახურება, ხოლო  მისი ბოლო ნაშრომი – თურქულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-თურქულ ლათინური სამედიცინო ლექსიკონის გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა თურქეთის აკადემიურ წრეებშიც.

 

ქალბატონი ელიდა კვანტალიანის ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტსა და უპირველეს ყოვლისა, მის მშობლიურ თურქოლოგიის კათედრაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი ნახევარსაუკუნოვანი შრომითი გზისა და პროფესიული დამსახურებებისთვის  ელიდა კვანტალიანი გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

თარიღი: 25/12/2024