საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელგუჯა ხინთიბიძე - 85

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ ეგიდითა და თსუ პროფესორებისა და სტუდენტების ინიციატივით 7 ივნისს, 14: 00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (107-ე აუდიტორია) გაიმართება პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის 85 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი იქნება მის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ ორ მონოგრაფიაზე: „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“ (გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2021) და “შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ (ინგლისურ ენაზე, გამომცემლობა  ‘’Adolf M. Hukkert. Publisher’’, ამსტერდამი, 2022).

 

ელგუჯა ხინთიბიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების (SIEPM) ნამდვილი წევრი, „ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის“, „ქართველოლოგიური სკოლის ფონდის“ და საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალის „ქართველოლოგის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

 

პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის სამეცნიერო მუშაობის მიმართულებებია: ქართულ-ბიზანტიური და ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობები; ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია და რუსთველოლოგია.

 

მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ღირსების საერთაშორისო ორდენი (IOM) მითითებით „ქართველოლოგიის სამსახურისათვის“ (კემბრიჯი, 1994 წ.) და საქართველოს ღირსების ორდენი (2003 წ.),  წაკითხული აქვს ლექციები და მოხსენებები ბიზანტინისტთა საერთაშორისო საზოგადოებისა და  შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო კონგრესებზე და  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, კანადაში, იტალიაში,   პორტუგალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუსეთში, სერბეთსა და ბულგარეთში, ირანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნარკვევისა და 20 მონოგრაფიის ავტორი, რომელთა შორისაც 6 გამოცემულია ევროპაში ინგლისურ ენაზე.

 

ბოლო პერიოდის მონოგრაფიაში „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“  ლინგვისტურ და იურისპრუდენციულ კვლევებთან ერთად გამოქვეყნებულია ქართული მეცნიერებისათვის უცნობი საისტორიო და ლიტერატურათმცოდნეობითი მასალები; მათ შორის - „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ერთი მონაკვეთის XIII ს-ის  ბერძნული და ლათინური თარგმანი, XIII ს-ის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ, შაჰ-აბას I-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭდილი ჩანაწერი, XVII ს-ის ირანში შაჰის კარზე მივლენილი ინგლისელი დიპლომატების უცნობი ჩანაწერები შაჰ-აბასის ქრისტიანი ქართველი ცოლებისა და მათი შვილების  შესახებ; უცნობი ქართული ხელნაწერი ათონის ქართველთა წიგნთსაცავში და XI ს-ის ორი ქართული ხელნაწერის ნაწყვეტები ბრიტანეთის მუზეუმში, ასევე  ესპანელი მეფისა და დედოფლის XV ს-ის საპასუხო წერილი ქართველი მეფისადმი.

 

ინგლისურენოვანი მონოგრაფია “შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ წარმოადგენს მეორე შევსებულ და გადამუშავებულ გამოცემას მონოგრაფიისა, რომლის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა ინგლისში, ლონდონში, 2018 წლის ნოემბერში. ღონისძიებას ორგანიზატორობას უწევდა ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოება. მონოგრაფიაში გამოვლენილი და დასაბუთებულია, რომ „ვეფხისტყაოსანს“ იცნობს და ლიტერატურულ წყაროდ იყენებენ XVII ს-ის დასაწყისის ინგლისელი დრამატურგები, მათ შორის უილიამ შექსპირი.

თარიღი: 03/06/2022