საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები თსუ-ში

ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 ევროპული ქვეყნის 37 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე  მეტი წარმომადგენელი ეწვია. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, განიხილავენ საერთაშორისო უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მსჯელობენ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და  სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

 

თსუ რექტორის  მოადგილის, პროფესორ ერეკლე ასტახიშვილის თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პერსონალის საერთაშორისო კვირეული, რომელიც უკვე ტრადიციულად იმართება თსუ-ში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარების კარგი საშუალებაა. „ეს ღონისძიება არა მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, არამედ უნივერსიტეტებში ინკლუზიური და ინოვაციური გარემოს შექმნას, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტების მხრიდან ცოდნის, იდეების, გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების მოძიებას შეუწყობს ხელს“,-განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

 „ლილის უნივერსიტეტი თსუ-სთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც მობილობით ჩამოდიან ლილის უნივერსიტეტში თსუ-დან და პირიქით.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინტერნაციონალიზაციაზე და ვიმედოვნებ, ამ ღონისძიების შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ლილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა ვერონიკა ლეველმა.

 

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა გერგედავას  ინფორმაციით,  პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მონაწილეთა შემადგენლობა მრავალფეროვანია. „ღონისძიებაში მონაწილეობს 11 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. “ყველა უნივერსიტეტს აქვს თავისი ისტორია, ინსტიტუციური კულტურა და ღირებულებები. მათი გამოცდილების მოსმენა, ასევე ჩვენი მიდგომების გაზიარება, რომელსაც ინტერნაციონალიზაციის პროცესში ვიყენებთ, მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა თეა გერგედავამ.

 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება.

 

თარიღი: 14/05/2025