საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები თსუ სტუდენტებს შეხვედნენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, კითხვები ძირითადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესის მიმდინარეობას, მიგრაციის საკითხებს ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ევროპარლამენტარებთან ერთად სტუდენტებისთვის აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე მესაუბრა,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპარლამენტარ კლერ მუდის შეფასებით, სტუდენტებს საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ძალიან კარგი კითხვები ჰქონდათ და შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. „ვფიქრობ, კითხვა-პასუხის რეჟიმი მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, სტუდენტები პასუხებით კმაყოფილები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყავით პარლამენტში, ვესაუბრეთ პარლამენტარებს და ძალიან კარგია, რომ სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცა,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტამდე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომა გაიმართა. სხდომის ბოლოს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად შემუშავებულ რეზოლუციას დაუჭირეს, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.


თარიღი: 19/03/2018