საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დებატების ეროვნული ტურნირი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს დებატების ეროვნული ტურნირის  გამარჯვებული მოსწავლეების  დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ტურნირში თბილისის და რეგიონების საჯარო სკოლების დებატკლუბების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეული გუნდები ასპარეზობდნენ.

 


 დებატების ტექნიკის სასწავლო კურსი რამდენიმე წელია, რაც უნივერსიტეტებში დაინერგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ თანამშრომლობის შედეგად, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დებატების ტექნიკას მომავალი პედაგოგები სწავლობენ.  სასწავლო კურსის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და დებატების ტექნიკის სწავლების გზით, კონსტრუქციული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება.

 

პანდემიის შემდეგ ტურნირი წელს პირველად ჩატარდა პირისპირ რეჟიმში. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტიტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი   და უნივერსიტეტების რექტორები ესწრებოდნენ. 

 

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის თინათინ ცერცვაძის განცხადებით,  დებატების ეროვნული ტურნირი წარმატებულად განხორციელდა.  „ჩვენ გამოვავლინეთ საქართველოს დებატების ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მომხსენებლები, შევაჯამეთ მთელი პროექტი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც უნივერსიტეტები, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლები, მოსწავლეები, მასწავლებლები. მიმოვიხილეთ და შევეხეთ იმ მნიშვნელოვან კვლევებსაც, რომლებიც ადასტურებს იმას, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სწავლებას და ვფიქრობ, რომ თითოეული მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს,“-განაცხადა თინათინ ცერცვაძემ.

 

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ტურნირი ჩატარდა, მხარდაჭერას წლებია ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩართულები არიან არამარტო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე უნივერსიტეტებიც. „ამ პროექტს მხარდაჭერას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწევს უკვე მრავალი წელია, იმიტომ რომ ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს სრულიად საქართველოს და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და არამხოლოდ; უნივერსიტეტებიც არიან ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროექტში. ის უვითარებს იმ უნარებს, რომელიც სჭირდება ნამდვილად 21-ე საუკუნის მოქალაქეს და სჭირდება ის უნარები, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარებას პასუხისმგებლიანი მოქალაქისა და პირველ რიგში, ეს არის კონსტრუქციული აზროვნება, მსჯელობა, დებატები, პოზიციონირება, ოპონირება და რაც ყველაზე მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის ოპონენტის პატივისცემა,“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მრავალი წლის პარტნიორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში ჩაერთო ათეულობით მასწავლებელი და ასეულობით მოსწავლე. მათ აქვთ საშუალება, რომ გაეცნონ იმ თანამედროვე და ძალიან საინტერესო ტექნიკას, რაც არის დებატები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ გამოადგებათ, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საგნების ათვისებაში და მომავალ საქმიანობაში.“ -განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული ელენე კომახიძისთვის ემოციური იყო არამარტო გამარჯვება, ასევე დებატების სკოლაში მოხვედრაც. „გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო. ჯერ კიდევ კარგად მახსოვს როგორ ვნერვიულობდი გასაუბრებაზე, რომ მოვმხვდარიყავი დებატების სკოლაში. ახლა სრულიად დაუჯერებელია, რომ გავიმარჯვეთ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი,“ -აღნიშნა ელენე კომახიძემ. 

დაჯილდოების ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა დებატების ტექნიკის სასწავლო კურსის დანერგვის მნიშვნელობა უნივერსიტეტებში. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ წარმატებული პროექტია, რომელთანაც თსუ თანამშრომლობს და უკვე მოხდა კურსის სასწავლო პროგრამაში შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ დებატების ტექნიკის სწავლა უფრო მეტი ახალგაზრდისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „დებატების სკოლა თანამშრომლობს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან უკვე მრავალი წელია. ძალიან საინტერესო პროგრამა არის. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე შემოტანილია, როგორც არჩევითი საგანი - დებატები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა მომავალი პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის. დღეს იყო დაჯილდოება და სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული.“-განაცხადა თსუ რექტორმა.

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში. პროექტის ფარგლებში, დებატკლუბების მასწავლებლები კი არსებული 60 დებატკლუბის წარმატებული ხელმძღვანელები არიან. მათი სუპერვიზირებების, მონიტორინგისა და ქოუჩინგის შედეგად ნათლად ისახება პედაგოგების განვითარება და წინსვლა, რაც ასევე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების წარმატებაზე, რომელიც იკვეთება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაშიც.

დებატების ტურნირი განხორციელდა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მწვანე სკოლასთან პარტნიორობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

თარიღი: 20/07/2022