საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინა ჩანახატების ფოტოასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული. წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია-1918-1921 წლების პერიოდიკაში დაბეჭდილი შარჟები და ეს პერიოდიკა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია სოციალ-დემოკრატიის შესახებ. მისი ავტორია ჩვენი თანამემამულე, საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი ტიერი ბერიშვილი. ასევე გაიმართება გამოფენა თსუ მუზეუმში და გაიხსნება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია“.

როგორც თსუ ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ აღნიშნა, გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა ძირითადად პერიოდული პრესიდან არის და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არის უცნობი დამთვალიერებლებისთვის თუ მკვლევრებისთვის. „ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს 1918-1921 წლების პერიოდულ პრესაზე მუშაობა. მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ეს უნიკალური მასალა, გავიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა გამოფენა და ბევრი ადამიანისთვის გაგვეცნო შემოქმედება, რომელიც იქმნებოდა იმ დროის მოღვაწე მხატვრების მიერ“,- განაცხადა სალომე ჭანტურიძემ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ირემაძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებით. „ასე იყო გასულ წელსაც, წელსაც და მომავალ წელს უფრო მასშტაბურად აღვნიშნავთ, ღონისძიებათა ციკლი მიძღვნება პირველ რესპუბლიკას“, - განაცხადა ირაკლი ირემაძემ.

„ამ კარიკატურებით პირდაპირ ჩანს, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში პოლიტიკაში თუ ისე ცხოვრებაში. ზოგადად, ნახატით ყველაზე მარტივად, ყველაზე გასაგებად და ლაკონურად შიგიძლია გადმოსცე მთელი ის სათქმელი, რაც იმ მომენტში ხდება“-განაცხადა მხატვარმა ზაალ სულაკაურმა.

კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკა ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის  მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953:ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას მოაწყობს; თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“; თსუ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.):პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.




თარიღი: 28/12/2018