საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ცინცაძე თსუ-ში

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი და ყველაზე გამოცდილი წევრი ჩვენს გუნდში ითამაშებს. გიორგი ცინცაძესთან კონტრაქტი გაფორმებულია და უკანახაზელი, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური ყველაზე უმეტესად, 85-ჯერ მოურგია, 2021-2022 წლების სუპერლიგის სეზონში თსუ-ს ღირსებას დაიცავს. 

გიორგის პროფესიული კარიერა 16 წლის ასაკში, 2002 წელს ბათუმის ,,ბასკოში" დაიწყო.  
2003 წელს გიორგი მოსკოვის ,,ცსკა"-ს წევრი გახდა. არმიელთა რიგებში შედგა მისი დებიუტი ევროლიგაზე და მის კარიერაში პირველი ჩემპიონობა.
2004/2005 წლის სეზონი გიორგიმ რუსეთის სუპერლიგის კლუბ ,,სამარაში" დაიწყო, თუმცა მალევე გადავიდა იმავე ჩემპიონატში მოასპარეზე პერმის ,,ურალ გრეიტში".
2005 წელს გიორგი მოსკოვის ,,დინამოს" წევრი გახდა. მისი სახელი უკავშირდება დინამოელთა ყველაზე წარმატებულ სეზონს მათ ისტორიაში.
2006 წელს მოსკოვის დინამო ულების თასის ( EuroCup) ჩემპიონი გახდა. - 2006 წლის ზაფხულში ცინცაძე ესტონური კალათბურთის საუკეთესო გუნდის, ,,ტარტუ როკის" წევრი გახდა.
ტარტუში გატარებულ სამ სეზონში გიორგი ორჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი, ხოლო 2008 წელს დაეხმარა გუნდს ევროქაფის ფინალურ ოთხეულში გასვლაში.
ესტონეთში თამაშისას ,,ბუ" სამჯერ დასახელდა ესტონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში, 2007 წელს კი აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელად, ორჯერ დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო უკანახაზელად და 2009-ში - საუკეთესო მოთამაშედ.

თუმცა, აღიარება მხოლოდ ესტონეთით არ შემოიფარგლებოდა, 2008 წელს გიორგი ბალტიის ლიგის და ევროქაფის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდა, იმავე წელს ის ევროქაფის საუკეთესო მცველად, საუკეთესო ევროპელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.
2009/2010 წლების სეზონი გიორგიმ სამ კლუბში ითამაშა: ბერძნული ,,ტრიკალა", უკრაინული ,,დონეცკი" და პოლონური ,,სოპოტი".
2010 წელს გიორგი ისევ ტარტუში დაბრუნდა და კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს უდირიჟორა შიდა ჩემპიონატში, ბალტიის ლიგასა და ევროჩელენჯში.
2011/2012 წლების სეზონის დიდი ნაწილი გიორგის ტრავმის გამო გაუცდა და 2012 წლის მარტში მან გადაწყვიტა თბილისის ,,ოლიმპში" ასპარეზობა. სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის წევრი, საუკეთესო ქართველი კალათბურთელი და ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეულის წევრი, ,,ბუ" უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ,,ოლიმპის" რიგებში და გუნდთან ერთად ფინალშიც გავიდა.
2012 წელს ცინცაძე კიევის ,,ბუდიველნიკის" წევრი იყო რომლის რიგებშიც ისევ დაუბრუნდა ევროქაფს და საკუთარ კოლექციას უკრაინის ჩემპიონობაც შემატა.
2013 წელი გიორგიმ VTB ლიგაში მოასპარეზე უკრაინულ ,,დონეცკში" დაიწყო, თუმცა კლუბის ფინანსური პრობლემების და ქალაქ დონეცკის რუსული ჯარების ოკუპაციის გამო გიორგის სეზონის დამთავრება ლიბანურ ,,ჩამპვილში" მოუწია, სადაც ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე გახდა.
2014 წელი სკოპიეს ,,მზტ", ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მეპასე. იმავე წლის ნოემბერში გიორგიმ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება.
2015 წელს გიორგი სუპერლიგის საუკეთესო უკანახაზელი, ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე და სიმბულური ხუთეულის წევრია, თბილისის ,,შსს აკადემია" ქორქია-საკანდელიძის თასის და ქვეყნის ჩემპიონია. 
2015/2016 წლების სეზონი „ბუმ“ საფრანგეთში, ,,გრაველინესის" და ,,როანის" შემადგენლობაში გაატარა,
2016 წელი და კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი სუპერლიგაში, ცინცაძე ,,ქუთაისის" კალათბურთელია.
2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი, სეზონის საუკეთესო უკანახაზელი და ჩემპიონატის MVP. თუმცა, გიორგის გამორჩეული თამაშის მიუხედავად ,,ქუთაისმა" ვერ მოახერხა სუპერლიგის ჩემპიონობა და ფინალური სერია დინამოსთან დათმო. - სამწუხაროდ 17/18 წლის სეზონის დიდი ნაწილი ცინცაძეს ტრავმების გამო გაუცდა. ის რუმინული ,,პოლიტექნიკის" წევრი იყო, მაგრამ მხოლოდ 6 მატჩში შეძლო კლუბის დახმარება.
2018 წელს გიორგიმ აზიაში გადაწყვიტა თამაში და ყოფილ თსუ-ელ მიხეილ ბერიშვილთან ერთად ყატარულ ,,ალ შამალს" 2019 და 2020 წლის ჩემპიონის ტიტული შესძინა.
20/21 სეზონი გიორგიმ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაატარა, სადაც აბუ დაბის ,,ბანიასის" ღირსებას იცავდა, მისი კლუბი პლეიოფში მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა.

18 წელია, ცინცაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეუცვლელი გამთამაშებელია. ის ნაკრების ყველაზე სტაჟიანი წევრია და ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი - 85 მატჩი გაუმართავს. ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ წარმატებისა, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა 2011 წელს ევრობასკეტზე გასვლით მიაღწია. ის რაც დღეს ჩვენთვის მოსალოდნელია (ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა) შეუძლებელი იქბებოდა გიორგის და ნაკრებში მისი თანაგუნდელების გარეშე. 2020 წელს ფიბას მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გიორგის მიერ მანუჩარ მარკოიშვილისთვის 2015 წლის ევრობასკეტზე გაკეთებული პასი ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ დასახელდა ევრობასკეტის დეკადის საუკეთესო პასად. ის ეროვნულ ნაკრებში 2022 წელსაც იქნება, როცა საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ამის გათვალისწინებით, ცინცაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის უმთავრეს საკალათბურთო ფორუმს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს და ჩვენ გვეამაყება, რომ ამისათვის მან ჩვენი კლუბი არჩია და ჩვენ ერთად ვიმოძრავებთ დასახული მიზნების მისაღწევად.

თარიღი: 14/07/2021