საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განახლებული ობსერვატორია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტში განახლებულ ლაბორატორიას, ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორიასა და პლანეტარიუმს  თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და  მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ეწვივნენ.

 

ასტროფიზიკის ლაბორატორია ამიერკავკასიაში ერთადერთი უნიკალური სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრია თანამედროვე ტელესკოპით, პლანეტარიუმითა და ასტრონომიის კაბინეტით. ობსერვატორია და პლანეტარიუმი განკუთვნილია არა მხოლოდ ასტრონომიის, არამედ ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით სწავლებისთვის, ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის, პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად. ლაბორატორიაში თსუ სტუდენტები და მეცნიერები აკვირდებიან ახლო კოსმოსს.

 

თსუ-ს მეორე კორპუსში ტელესკოპი და პლანეტარიუმი პირველად 1952 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ მოაწყო. თავდაპირველი ტელესკოპი იყო ხუთგოჯიანი რეფრაქტორი, რომელიც ძირითადად სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. პლანეტარიუმი კი  ფუნქციონირებდა ხელით მართვადი პროექტორით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ვარსკვლავების, პლანეტების, კომეტებისა და ასტეროიდების წარმოდგენა. 1981 წელს ობსერვატორიის გუმბათი დაიწვა, რის შედეგადაც ტელესკოპის მხოლოდ ნაწილი შენარჩუნდა.

 

2025 წელს ლაბორატორია სრულად განახლდა: დამონტაჟდა ახალი ტელესკოპი, აღდგა გუმბათი, განახლდა პლანეტარიუმი და სალექციო სივრცე. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე APM LZOS 175/1400 F/8 Triplet APO Refractor ტელესკოპით. მისი 175 მმ დიამეტრის ობიექტივი და 1400 მმ ფოკუსური მანძილი უზრუნველყოფს ნათელ და დეტალურ ხედს კოსმოსის სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის პლანეტებზე, ვარსკვლავებსა და კომეტებზე. ტელესკოპი იდეალურია როგორც დაკვირვებებისთვის, ისე ასტრონომიული სურათების გადასაღებად. განახლებული პლანეტარიუმი აღჭურვილია თანამედროვე SupersStar 5800 ციფრული სისტემით, რაც საშუალებას იძლევა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის თანამედროვე და ინტერაქციული სასწავლო პროცესი წარიმართოს.

 

თსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის „ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორია“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ცენტრს საქართველოში, რომელიც ასტრონომიის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას უზრუნველყოფს.

 

თსუ  რექტორმა, მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა თსუ მეორე კორპუსში არსებული კონდენსირებული გარემოს ფიზიკის და ინსტრუმენტული ქიმიური ანალიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს, შეხვდნენ მეცნიერებსა და სტუდენტებს.

თარიღი: 06/03/2026