საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცდების ფორმატი უცვლელია, იქმნება სამუშაო ჯგუფები

        ,,ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში’’ - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

            შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის 17 ივნისს შედგა. ფინალური გამოცდების ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. სტუდენტები მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას მოითხოვენ.

            რექტორის განცხადებით, ,,უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მიზანია ხელი შეუწყოს  ყველა სტუდენტის ჩართულობას საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია არაპანდემიურ ვითარებაში სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და მათთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა. სტუდენტებს, რომლებსაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების ან დედაქალაქში დაყოვნების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისისა და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ”.

            როგორც გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას  მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას. „ყველა ასეთი მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება’’ - განაცხადა შარვაშიძემ.

            როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას გადაწყდა, თითოეულ საკითხზე, რომელსაც პროტესტის მონაწილე სტუდენტები აყენებენ განსახილველად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადაა შექმნას პლატფორმა, რომლის მუშაობაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელს, ასევე მოწვეული იქნებიან შესაბამისი სამთავრობო უწყებების და საკანონმდებლო  ორგანოს წარმომადგენლები. სამუსაი ჯგუფებში შესაძლებელი იქნება ერთობლივად, სამუშაო ფორმატში იმსჯელონ საერთო საცხოვრებლის, უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებზე და რექტორის არჩევის ახლანდელ პრაქტიკასა თუ არჩევის წესთან დაკავშირებულ  ინიციატივებზე.

უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, ,,დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები თუ კრიტერიუმები რეგულირდება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, შესაბამისად ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.’’  

შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სტუდენტური საცხოვრებლები რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხია და ამ პრობლემის მოგვარება ხელს შეუწყობს სასწავლო თუ საგამოცდო პროცესში სტუდენტთა აქტიურ ჩართვას. მათივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სასწავლებლის ადმინისტრაციას კარგად ესმის და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად აგრძელებს სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლების უზრუნველყოფაზე მუშაობას. ამისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, რექტორმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შერჩეულია ტერიტორია მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ახალი, თანამედროვე ტიპის სტუდენტური საცხოვრებელი აშენდება, მუშავდება საცხოვრებლის პროექტი, მიმდინარეობს რესურსების მობილიზება/მოძიება. მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ორგანიზაციებს.  

უნივერსიტეტის ბიუჯეტით დაინტერესებულ სტუდენტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ განუმარტა, რომ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ამსახველი ინფორმაცია ეტაპობრივად ქვეყნდება უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე და საჯარო/ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ასევე, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, ელექტრონული ფორმით მოითხოვოს მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღოს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისგან.’’ მანვე განმარტა თუ როგორ ნაწილდება უნივერსიტეტის სახელფასო ფონდი.

როგორც ლაშა საღინაძემ აღნიშნა, ,,უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადის ფინანსების აუდიტორულ შემოწმებას. უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და სენატის წევრებისგან დაკომპლექტდება და ჯგუფის ფარგლებში სამუშაო რეჟიმში განიხილება ის პრობლემები, კითხვები თუ რეკომენდაციები, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა თუ ხარჯვით ნაწილთან იქნება დაკავშირებული“.

თარიღი: 17/06/2022