საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - სოციალური პრობლემების ანალიზი სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან

  სიღარიბე,  სტერეოტიპები, ცრუ რწმენები, გენდერული უთანასწორობა, ეიჯიზმი, უმუშევრობა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინკლუზია - ამ და სხვა სოციალური პრობლემების სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების ანალიზსა და დაძლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  არსებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.“ თსუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა, 2007 წელს, აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის (Academic Fellowship Program) დახმარებით დაიწყო და 2009 წლიდან უწყვეტად ხორციელდება. მას შემდეგ, რაც სამაგისტრო პროგრამამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია, 2012 წლიდან პროფესორების ანასტასია ქიტიაშვილისა და ნანა სუმბაძის ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულების სადოქტორო პროგრამაც ამოქმედდა. ანასტასია ქიტიაშვილი და ნანა სუმბაძე პროგრამებს ერთობლივად 2021 წლამდე ხელმძღვანელობდნენ. „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა და მისი მომზადებისა და გადამუშავების პროცესში დღემდე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის არიან: სტირლინგის უნივერსიტეტი (შოტლანდია), ედინბურგის უნივერსიტეტი (შოტლანდია), ჰავაის უნივერსიტეტი (აშშ),  კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ),  კონკორდიის უნივერსიტეტი (აშშ) და სხვები.

 

  დღეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს პროფესორი ანასტასია ქიტიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ანასტასია ქიტიაშვილი აღნიშნავს, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის ფოკუსი კი ფართოა და ცდილობს ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში შეიტანოს წვლილი. „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიზანია სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან სოციალური პრობლემების ანალიზი  და ამ პრობლემების დასაძლევად სოციალური ინტერვენციების შემუშავება,  დანერგვა და შეფასება. სოციალური ფსიქოლოგები პრობლემური სოციალური ქცევის ფაქტორებს სამეცნიერო დონეზე სწავლობენ და  მისი გაუმჯობესების პრაქტიკულ გზებს გვთავაზობენ. პრაქტიკული მნიშვნელობის გამო,  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა,“ - აღნიშნავს პროფესორი.

 

 როგორც სამაგისტრო ისე სადოქტორო პროგრამა დამსაქმებლების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების უკუკავშირის საფუძველზე მუდმივად ვითარდება. პროგრამის კურსდამთავრებულების თქმით, “მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში პრაქტიკული გამოცდილების მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სამაგისტრო პროგრამამ კი სწორედ ეს გამოცდილება მისცა. გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაზე სწავლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე. ველოდი სტანდარტულ სასწავლო პროცესს - გარკვეული რაოდენობის სასწავლო საათები, შემდეგ შუალედური და, საბოლოოდ, ფინალური გამოცდები, თუმცა ძირითადი გამოცდები წერითმა კომპონენტმა ჩაანაცვლა - სტატიები, ნაშრომები, ანალიზები, მცირე კვლევები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული დავალებები. კვლევით კომპონენტში პრაქტიკული გამოცდილების მიღება კი ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებზე მორგებული გარემო, ამ პროგრამაზე სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის”.

 

  “ადამიანების ქცევა და ამ ქცევაზე სოციალურ-კულტურული ფაქტორების გავლენა საინტერესო საკვლევი საკითხია; შესაბამისად გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაზე“ არჩევანის გაკეთებაც სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა. სწავლების პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მითუმეტეს, რომ სწავლება პრაქტიკული დავალებებით მიმდინარეობს, ამ დროს კარგად ხვდები, რა შესაძლებლობები გაქვს და როგორ შეგიძლია თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო. გარდა ამისა, თუ იქამდე კონკრეტულ საკითხებზე ზოგადი წარმოდგენა მქონდა, ამ პროგრამაზე სწავლამ შესაძლებლობა მომცა ამ საკითხებს სიღრმისეულად გავცნობოდი.“  

 

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიის, საქართველოსთვის აღნიშნული მიმართულების მნიშვნელობის, ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამომავლო პრიორიტებების შესახებ ვრცლად, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ევროკავშირის პროექტის „შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარება “უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის  ექსპერტი, პროფესორი ანასტასია ქიტიაშვილი და ფსიქოლოგიის დოქტორი, პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) კონკურენტული ინოვაციების ფონდის განათლების სპეციალისტი

თსუ ასისტენტ პროფესორი ნაზი ფარსადანიშვილი გვიყვებიან.

 

სოციალური ფსიქოლოგიის ისტორია საქართველოში

 

აღსანიშნავია  რომ სოციალური ფსიქოლოგიას  ხანგრძლივი ისტორია აქვს ქართულ ფსიქოლოგიაში; 1918 წელს დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით  დაარსდა ფსიქოლოგიის კათედრა, ხოლო  1923 წელს  ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომლის ბაზაზე შეიქმნა  დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”. მოგვიანებით იწყება სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების სისტემატური ექსპერიმენტულ-ემპირიული კვლევა ფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და თსუ-ს სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია იყენებს სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში დაგროვილ მდიდარ გამოცდილებას, თეორიებსა და მოდელებს.  

 

რატომ არის ის მნიშვნელოვანი გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია საქართველოსთვის?

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მნიშვნელობა დიდია საქართველოსთვისაც, სადაც არსებული სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე  იზრდება სოციალური პრობლემების მასშტაბი.  ამისთვის კი მნიშვნელოვანია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგების  მომზადება, რომლებიც შეძლებენ სოციალური პრობლემების ანალიზს სხვა სპეციალისტებთან ერთად. კვლევების ჩატარებას, მტკიცებულებების შეგროვებას და სოციალური ინტერვენციების განხორციელებისას შესაბამისი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონცეფციებისა და მოდელების გამოყენებას. 

 

სწორედ პროფესიონალი კადრების მომზადებას ემსახურება “გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის” სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. კვლევები აჩვენებს რომ სწავლების პროცესში დასაქმებულია მაგისტრანტების დაახლოებით 85%, და დოქტორანტების 100%, ხოლო სწავლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქმდება ყველა  კურსდანთავრებული. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ  პროგრამებს ძლიერი კვლევითი მიმართულება  აქვს და სასწავლო კურსები პრაქტიკულია; ლექტორთა უმრავლესობა პრაქტიკაში ახორციელებს იმ საქმიანობას, რასაც ასწავლის. სტუდენტები სწავლის პროცესში მონაწილეობენ სხვა და სხვა პროექტებში,  რომელთაც პროგრამის ხელმძრვნელები და მასში ჩართული აკადემიური პერსონალი ახორციელებენ.

 

კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიციები მრავალფეროვანია -  ფსიქოლოგი,  მკვლევარი,  ანალიტიკოსი, კვლევების მენეჯერი, HR მენეჯერი, კარიერული მართვის მენეჯერი,  პროექტების მენეჯერი, ახალგაზრდული მუშაკი, სოციალური მუშკი,  მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი, სოციოლოგი, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ხელმძღვანელი პოზიცია და სხვა.  დასაქმების ორგანიზაციებიც მრავალფეროვანია- არასამთავრობო ორგანიზაციები: People in Need, CTC, CRRC, ACT,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაციები,  კლინიკები და ფსიქოლოგიური ცენტრები, საბანკო- საფინანსო სექტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი სააგენტოები-   ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო,  საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლა, პროფესიული კოლეჯი, უნივერსიტეტი)  და სხვა. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტები აკადემიურ პერსონალთან ერთად უძღვებიან ლექცია-სემინარებს, ამზადებენ სასწავლო მასალებს და ხელმძღვანელობენ სტუდენტებს.

 

რა კვლევები ტარდება  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით და რა ინტერვენციები ხორციელდება?     

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა საკითხზე,  რომელთაგან რამდენიმეს შევეხებით:

ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცრუ რწმენები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, განსაკუთრებით კი უმცირესობაში მყოფი, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ განწყობები და მათი თვითაღქმის შესწავლა; სტიგმატიზებული ინდივიდები, რომლებიც დისკრიმინაციისა და უსამართლო მოპყრობის ხშირი მსხვერპლი არიან, მიუთითებენ ფსიქოლოგიური დისტრესის, დეპრესიის ქონაზე, ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების განცდების ნაკლებობაზე.

 

საქართველოში სიახლეა სიღარიბესთან დაკავშირებული ისეთი ფენომენების  შესწავლა, როგორიცაა სტიგმა, სოციალური გარიყვა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული სხვა ასპექტები. ამ საკითხების კვლევა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2020 წელს ამ საკითხთზე  პირველი სადოქტორო ნაშრომი დაიცვა სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულმა ნაზი ფარსადანიშვილმა. სიღარიბის შესწავლის ფოკუსის გაფართოვება მნიშვნელოვანია, რადგან  ცალმხრივ მიდგომას შედეგად მოჰყვება მის წინააღმდეგ საბრძოლველად არაეფექტური ინტერვენციების შემუშავება, რომელიც ღარიბი მოსახლეობის მხოლოდ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

 

ეიჯიზმის კვლევაც რამდენიმე წელია რაც გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე მიმდინარეობს; დემოგრაფიული ცვლილებები, როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და შობადობის შემცირება, იწვევს მსოფლიო მოსახლეობის ხანდაზმული მოსახლეობის წილის ზრდას;  ეს საქართველოსაც შეეხება, რომელიც “დაბერებად ერებს” განეკუთვნება. სიბერე ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა დაბერებისადმი დამოკიდებულება ხშირად შერეულია და, უფრო მეტიც,  უარყოფითი განწყობებითაც ხასიათდება, რაც ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციაში გამოიხატება; სოციალურ ფსიქოლოგებს შეუძლიათ ამ ცრუ რწმენების, სტიგმასა  და სტერეოტიპების შემცირებაზე ორიენტირებული მიდგომების ინიცირება.

 

სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ინტერპერსონალური ურთიერთობების სხვა და სხვა ასპექტების შესწავლა ხდება, როგორიცაა მეგობრობა, მოწონება, თვითგახსნა,  ოჯახური ურთიერთობები და ა.შ.   დაემატა ახალი მიმართულებები, როგორიცაა ონლაინ, დისტანციური ურთიერთობები, ვირტუალური  და ა.შ. აგრესიისა და პროსოციალური ქცევის შესწავლა ხდება  სხვა და სხვა სოციალურ გარემოში, მაგალითად სკოლა, ორგანიზაცია, ოჯახი; ხდება სოციალურ ფსიქოლოგიური ინტერვენციების დაგეგმვა სკოლებში,  რომელიც მოსწავლეებს  დაეხმარება  სოციალური -ემოციური კომპეტენციების განვითარებაში, რაც დღეს საქართველოში პრობლემაა.

 

მიმდინარეობს კვლევები პიროვნული, სოციალური, ტერიტორიული იდენტობის, სოციალური გავლენების სფეროში სხვა და სხვა სოციალურ ჯგუფთან, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ეროვნული უმცირესობები და სხვა.  სოციალური იდენტობის კავშირის კვლევა  კარგად ყოფნასთან, თვითშეფასებასთან, ცხოვრებით კმაყოფილებასთან და ა.შ.

 

Covid-19 პანდემიამ აჩვენა, რომ  სოციალურ ფსიქოლოგიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განწყობების შეცვლისა და ქცევების რეგულაციის თვალსაზრისით პრევენციული და ინეტრვენციული ღონისძიებების ფარგლებში.  მიმდინარეობს ისეთი საკითხების კვლევა    როგორიცაა კარგად ყოფნა, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განწყობები და სოციალური ქცევები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება; იგეგმება გაფართოვდეს სტრესის კვლევა სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან ინტერპერსონალურ და ჯგუფის ფსიქოლოგიის ფარგლებში.

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში ტარდება კვლევები და სოციალური ინტერვენციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სხვა და სხვა სოციალური ჯგუფები, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინკლუზია, განსაკუთრებით განათლებისა და დასაქმების, მეწარმეობის  გზით;  საკვლევ თემებს შორისაა  განათლებისა და დასაქმების  გავლენა  ახალგაზრდებისა და ზრდასრულების, სხვა და სხვა სოციალური ჯგუფების  კეთილდღეობაზე, თვითშეფასებაზე,  ცხოვრებით კმაყოფილებაზე,  სოციალურ ინტეგრაციასა და კარიერულ განვითარებაზე.

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამომავლო პრიორიტეტები

 

წლების მანძილზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებზე დაყრდნობით, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საინტერესო რეკომენდაციები და ინტერვენციები უმუშევრობის, დასაქმების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ეთნიკური უმცირესობების, გენდერულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ინიცირებული რეკომენდაციები დადებულა არაერთი რეფორმის განხორციელების საფუძვლად.

 

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩატარებული კვლევები ქვეყნდება ადგილობრივ და საერთაშორისო,  მათ შორის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.  გამოიცემა ანგარიშების სახით არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანზაციებთან პარტნიორობით;   აღნიშნულ თემებზე მომზადებულ მოხსენებებს რეგულარულად წარადგენენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე  როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები.

 

სამომავლოდ იგეგმება გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის  მიმართულებით რესურსების მობილიზება და შესაძლებლობების გაძლიერება.  ახალგაზრდა კადეების მოზიდვა და არსებული და ახალი  კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;  სამაგისტრო და სადოქტორო  პროგრამების გადამუშავება ადგილობრვი  საჭიროებებისა და საერთაშორისო  ტენდენციების გათვალისიწინებით. სამეცნიერო კვლევების არეალის გაფართოვება, სტუდენტების ჩართვა ამ პროცესში; იგეგმება თანამშრომლობის გაფართოვება სხვადასხვა  დისციპლინებისა და სფეროების ფარგლებში.  მნიშვნელოვანია სოციალური ფსიქოლოგების მეტი ჩართულობა სხვა და სხვა დონეზე, როგორც სოციალური პრობლემების კვლევის, ასევე ამ პრობლემების დაძლევისთვის საჭირო პოლიტიკის ფორმირების, პრაქტიკული ინტერვენციების დანერგვისა და შეფასების პროცესში.

თარიღი: 28/02/2023