საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ქართული უნიკა’’ გაიხსნა.    

გამოფენა წარმოადგენს ქართული ბონისტიკური და ფილატელისტური ძეგლების უნიკალურ ექსპოზიციას, ისტორიული და კულტურული არტეფაქტების კოლექციას, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამოშვებული ქაღალდის ფულადი ნიშნების, ბანკნოტების და მარკების ყველა ნომინალი, მათი ცნობილი სახესხვაობები, მათ შორის, რარიტეტული ნიმუშები.   

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, კოლექციონერი, თსუ კურსდამთავრებული მიხეილ გოგოტიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

„გამოფენაზე წარმოდგენილი ბონებისა და მარკების  ავტორები იმხანად ცნობილი მხატვრები იყვნენ; მათ შორის გამოფენილია დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევრები. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარეობს,“ - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.    

კოლექციონერმა მიხეილ გოგოტიშვილმა გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიციის ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა. „ქართული ქაღალდის ფულის ისტორიისა და თეორიის შესწავლის საქმეში თბილისის უნივერსიტეტისა და მისი დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის ძალიან დიდი ღვაწლია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ გამოფენის დასრულების შემდეგ ამ ექსპოზიციის ნაწილი გადაეცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის ბიბლიოთეკას,“ - აღნიშნა კოლექციონერმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, 1918-1921 წლის მარკები და ქაღალდის ფულადი ნიშნები ასე სრულყოფილად ჯერ არსად ყოფილა გამოფენილი. „ამ ექსპოზიციით დამთვალიერებელი დარწმუნდება, რა ძლიერი, პერსპექტიული, ევროპული ფასეულობების მქონე და კულტურულად დახვეწილი სახელმწიფო ყოფილა ჩვენი საქართველო იმ არასრული სამი წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.   

ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსების და პირველი ქართული ქაღალდის ფულისა და მარკების გამოშვების საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.


თარიღი: 08/02/2018