საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბულგარელი სტუმრები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სოფიის კლიმენტ ორჰიდელის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პროფესორი მირა მარკოვა, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, ეთნოლოგი და ასოცირებული პროფესორი ილია ილიევი, ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეთნოლოგი.

 

სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ბულგარული ურთიერთობების ისტორიაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ჯაბა სამუშიამ აღნიშნა ბაჩკოვოს მონასტრის მნიშვნელობა ქართული კულტურისთვის, გამოთქვა ვარაუდი ბულგარულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში საქართველოსთვის საინტერესო ისტორიული დოკუმენტების მნიშვნელობის შესაძლებლობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით კვლევის აუცილებლობას. პროფესორმა მირა მარკოვამ ისაუბრა ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და კონკრეტული გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ უკვე დაგეგმილია ერთობლივი საველე კვლევების წარმოება მთიანეთის ტრადიციული ყოფის შესწავლისა და ქართულ-ბულგარული მასალის პარალელური ანალიზის მიზნით, სტუდენტთა საზაფხულო სკოლის ორგანიზების შესახებ, ერთობლივი პუბლიკაციების თაობაზე. მან გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა თსუ-სა და სოფიის უნივერსიტეტს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

სოფიის კლიმენტ ორჰიდელის სახელობის უნივერსიტეტის თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია. ეს არის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბულგარეთში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაფუძნდა და ეტაპობრივად გადაიქცა ბალკანეთის მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად. დღეს იგი ქვეყნის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, 16 ფაკულტეტით.

 

 ბულგარელი სტუმრები შეხვდნენ ქართველ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნეს სოფიის უნივერსიტეტში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობები, გამოთქვეს დაინტერესება შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ასოც. პროფ. ილია ილიევმა წარმოადგინა მოხსენება: “ორფეოსი კოლხეთში: კლასიკური ანტიკურობა და ევროპული იდენტობა”. გამართა საინტერესო დისკუსია.

თარიღი: 06/06/2023