საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ვიზიტი თსუ-ში

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ცერნის, - ჟენევა, შვეიცარია) დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცერნის ATLAS ექსპერიმენტის ხელმძღვანელის მოადგილე (კოორდინატორი) ტექნიკურ საკითხებში პროფესორი ლუდოვიკო პონტეკორვო, ATLAS ექსპერიმენტის ხელმძღვანელის მოადგილე (კოორდინატორი) საფინანსო საკითხებში პროფესორი დევიდ ფრენსისი, ATLAS ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე დოქტორი ჰენრიკ ვილკენსი.

 

 დელეგაციის მასპინძელია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი  ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი  და ელფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტი მონაწილეობენ ATLAS ექსპერიმენტში 1994 წლიდან დღემდე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ლაშა საღინაძის  და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფ. გიორგი ღვედაშვილის შეხვედრა დელეგაციის წევრებთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ  ATLAS ექსპერიმენტში საქართველოს კლასტერის ხელმძღვანელი პროფ. ირაკლი მინაშვილი და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის  მეცნიერ-ფიზიკისები (გ.დევიძე, ა.დურგლიშვილი, მ.მოსიძე, ე. ცხადაძე, თ. ზაქარეიშვილი, თ. ჯობავა, პ. წოწკოლაური (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი), რომლებიც არიან ATLAS საერთაშორისო ექსპერიმენტის/თანამშრომლობის წევრები და მონაწილეობენ  ექსპერიმენტის ფიზიკური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოკვლევებში.

შეხვედრაზე ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი გამოკვლევების შედეგები, განხილული იქნა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ცერნის ATLAS ექსპერიმენტთან თანამშრომლობის გაფართოების და გაღრმავების საკითხები. ასევე საუბარი შეეხო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ცერნში მოკლევადიანი ვიზიტებით გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, მათი სამეცნიერო გამოკვლევებით დაინტერესებისა და ცერნის ექსპერიმენტებში ჩართვის მიზნით.

თარიღი: 23/05/2023