ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ აკადემიკოს შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის ორგანიზებით 4 ოქტომბერს სახელმწიფო უნივერსიტეტში მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორ რევაზ ჭანტურიას ნახატების გამოფენა გაიხსნა. რევაზ ჭანტურია სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც თსუ-ში დიდხანს მუშაობდა.
„ბატონი რეზო არის ცნობილი კავკასიოლოგი, ბასკოლოგი, ქართველოლოგი, რომლის სამეცნიერო ნაშრომებსა და მოღვაწეობას კარგად ვიცნობთ. თუმცა, დღეს ის განსხვავებულ ამპლუაში წარმოგვიდგა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფინა თავისი არაჩვეულებრივი აბსტრაქციონისტული ხასიათის ნამუშევრები, რომლის ფერთა გამამ, ფერთა ჰარმონიამ, მოხიბლა გამოფენის დამთვალიერებელი. ბატონი რეზო ამ თავის ნახატებში ეყრდნობა როგორც ქართული, ასევე ევროპული სკოლის გამოცდილებას. ამ ქართულმა და ევროპულმა „ნაზავმა“, მოგვცა არაჩვეულებრივი ჰარმონიული შედეგი,“ - განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
რევაზ ჭანტურიამ გამოფენა შვედურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს მიუძღვნა, რომელსაც 19 სექტემბერს 30 წელი შესრულდა. დაახლოებით ამდენი ხანია ცხოვრობს საზღვარგარეთ თავად ჭანტურიაც.
„განათლებით ფილოლოგი ვარ, მაგრამ ამავე დროს, ჩემი მეორე მხარე იყო მხატვრობა. ბედნიერი ვარ რომ დღეს მშობლიურ უნივერსიტეტში გამოფენის მოწყობა შევძელი. მადლობელი ვარ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, რომ ხელი შუუწყეს ამ ღონისძიების ორგანიზებას,“ -აღნიშნა რევაზ ჭანტურიამ.
საღამო მუსიკალურად რევაზ ჭანტურიას ქალიშვილმა შვედ-ქართველმა მომღერალმა საბინა ჭანტურიამ გააფორმა.