საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი თსუ პროფესიული ცენტრის ქუთაისის ფილიალში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა მიულოცეს.

 

 ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამები მაქსიმალურად არის მორგებული თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ჩვენ სტუდენტებს ვასწავლით იმ პროფესიებს, რომლებიც რეალურად სჭირდება დღეს ქვეყანას. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრს აქვს რესურსი და პოტენციალი კიდევ უფრო მეტი სტუდენტის მიღებისა. მზად ვართ ახალგაზრდებს შევთავაზოთ ისეთი გარემო, სადაც ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და რეალურ შესაძლებლობებს დასაქმებისთვის.”- აღნიშნა თსუ რექტორმა.

 

სწავლის დაწყების დღეს მინისტრმა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს სამინისტრო 1 მლნ. 300 ათას  ლარზე მეტს გამოყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოსა და სტუდენტურ სერვისებს.

 

წელს თსუ პროფესიულ პროგრამებზე თბილისსა და ქუთაისში, 18 პროგრამაზე 500-მდე სტუდენტმა დაიწყო სწავლა. მათ შორის, ქუთაისში 260 სტუდენტი ისწავლის. 2025 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა მიღება გამოაცხადა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front-End დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება და ღონისძიების ორგანიზება.

 

თსუ პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2025 წლის მიღებაზე 2 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. უნივერსიტეტში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.

თარიღი: 27/11/2025