საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთობლივი ახალი სამაგისტრო პროგრამა. 
 

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება და პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება. პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ დაეთმობა, ხოლო მეორე - საჯარო ადმინისტრირების ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - 1) „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ უწყებრივი დიპლომი; 2) “ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის” უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (მაგისტრის ხარისხი).
 

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნის, განხორციელებისა და მხარდაჭერის  მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.  მემორანდუმს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა მოაწერეს ხელი. 
 

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში და მთლიანად რეგიონში. ახალი პროგრამის დიზაინში ბევრი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას. პროგრამა გათვალისწინებულია ფართო სპექტრის მოხმარებისთვის, პროგრამა უკავშირდება უსაფრთხოებას, სამხედრო საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო იქნება. გვგონია, რომ აკრედიტაციას ძალიან სწრაფად გავივლით და ველით მომავალ სტუდენტებს,“- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აღნიშნავს, რომ სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ (საკარიერო პროგრამა - ოფიცერთა განათლების უმაღლესი (სტრატეგიული) დონე), რომელიც სრულად არის შექმნილი სკოლის სამხედრო მოსამსახურეების მიერ. მისი თქმით,  საკარიერო პროგრამა განსაზღვრულია თავდაცვის სამინისტროს „პოლკოვნიკის“, „ვიცე-პოლკოვნიკის“ (შესაძლებელია „გენერალი“) სამხედრო წოდების მოსამსახურეებისათვის, ასევე ამ პროგრამით დაინტერესდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებიც.
 

„ეს პროგრამა მოემსახურება არამხოლოდ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს, ზოგადად უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეებს და ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ,რომ აღნიშნული პროგრამა ინტეგრირდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამასთან, ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს თსუ-სთან და დღევანდელი დღე და მემორანდუმი ამის ნათელი მაგალითია,“- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
 

პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვრება ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხოლო თანახელმძღვანელად სკოლის წარმომადგენელი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან სკოლის, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორების სახით თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.

 

თარიღი: 13/05/2022