საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდული ფორუმი - „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი - „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ გაიმართა. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს მრეწველობის ინოვაციის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხები საქართველოს მასშტაბით.
 

პანელური დისკუსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - „დედამიწის მეგობრები - საქართველო“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას, მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები განიხილავენ კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებს, ხელს შეუწყობენ ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით საერთაშორისო კონტაქტების განვითარებას.
 

ახალგაზრდული ფორუმი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იმართება. ფორუმის ფარგლებში, თითოეული უნივერსიტეტი საორგანიზაციო კომიტეტს გამოყოფს, რომელიც სტუდენტებისგან, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან შედგება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან სადისკუსიოდ 3  თემა შეარჩია: „მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა,“ მდგრადი ქალაქები და დასახლებები,“ „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები.“

 

პანელური დისკუსიის მომხსენებლები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  შემდეგი სტუდენტები იყვნენ: მარიამ ბუცხრიკიძე - ყვარლის მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება; ნინო ციკოლია - ეროზიული რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება მდინარე ალაზნის მაგალითზე; ლიანა ხანდოლიშვილი - მდინარე ყვირილას აუზში არსებული კარსტული რელიეფის მდგრადი განვითარების თავისებურებები; ირმა მაკალათია - ბათუმი აილენდი - გამოწვევები, პერსპექტივები და თანამედროვე მიდგომები; გიორგი ზედგენიძე - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გეოსივრცითი მოდერნიზების მოდელი; ცოტნე სულაშვილი - კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე; ნიკოლოზ ნიკვაშვილი - ბირთვული ენერგეტიკა და ეკოლოგია. მოხსენებების შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

თარიღი: 04/04/2023