საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდობის სააგენტოს შეხვედრა სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და სტუდფესტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

 

შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე, კანცლერის მოადგილე გიორგი შამათავა, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების ესწრებოდნენ.

 

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებსაც ახალგაზრდობის სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს.

 

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.თსუ-ის სტუდენტებს გააცნეს ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობის პირობები, რეგისტრაციის ვადები, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა აქტივობაში სტუდენტების ჩართულობის შესაძლებლობებზე.

 

სტუდფესტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

 

ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას - რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

თარიღი: 06/04/2024