საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 27-30 ნოემბერს გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის შექმნილ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ექსპერტთა კომისიის მიერ ორმაგი ანონიმური რეცენზირების შედეგად  შეირჩა 90 ახალგაზრდა მეცნიერის თეზისები. 
სიმპოზიუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხსენებლები  იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლატვიის, სერბეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ბანგლადეშის, ინდოეთისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან.
თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად 2017 წელს გაიმართა. იგი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო: აკადემიური საზოგადოების წინაშე საკუთარი სამეცნიერო კვლევის შედეგებით წარდგა  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული 150-მდე ახალგაზრდა მეცნიერი. 2018 წლის სიმპოზიუმი ასევე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი იყო, როგორც პროგრამის თვალსაზრისით ისე კულტურული ღონისძიებებით. სიმპოზიუმისადმი დიდი ინტერესისა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ კონფერენციამ ტრადიციული სახეს მიიღოს და ყოველწლიურად გაიმართოს. 
ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის გუნდის მიდგომები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მიზანი ერთია: მეცნიერული ეთიკისა და კვლევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არსებული აკადემიურ გამოცდილების გათვალისწინება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. წელს სიმპოზიუმზე წაკითხული საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება ორენოვან საერთაშორისო ჟურნალში TSU-ti, რომელიც სიმპოზიუმის ბაზაზე შეიქმნა.
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ეძღვნება თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლისა და კვლევის ასწლოვან ტრადიციას. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჩამოყალიბებული აღმოსავლური ფილოლოგია სრულად პასუხობს ბოლო ხანებში მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში არსებულ მიდგომებს, რომლებიც გულისხმობს ფილოლოგიის არსისა და დანიშნულების რევიზიონისტულ გადასინჯვას, მის ახლებურად დანახვას, ძირითადად ტექსტოლოგიად და წყაროთმცოდნეობის სფეროდ გაგებული ფილოლოგიის ვიწრო მასშტაბების გაფართოებასა და ინტეგრაციას სხვა სამეცნიერო დარგებთან.  
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და სიმპოზიუმის ხელმძღვანელის პროფ. ნანა გაფრიდაშვილის თქმით, სიმპოზიუმის მისიაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების პოპულარიზებას, წაახალისოს ჰუმანიტარული დარგების ინტერდისციპლინური მიდგომებით შესწავლა, აამაღლოს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო მოტივაცია და თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევები ჩართოს საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში.
2019 წლის სიმპოზიუმი განხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

თარიღი: 25/11/2019