საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ 4 დოქტორანტი უკვე ჩაირიცხა. თსუ დოქტორანტები - მაია ქაჯაია, ესმა იმერლიშვილი, ნატალია ადამაშვილი და მარიანა ბუზიაშვილი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას აშშ-ში გაივლიან. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე აპლიკანტების მეორე ნაწილის მიღება 2022 წლის მარტში გამოცხადდება.

თსუ-სა და  არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ერთობლივი პროექტის სამოქმედო გეგმის განსახლილველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გლობალური ცენტრის დირექტორი ჯონ ჯასტინო, ამავე სკოლის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელიზაბეტ ვასკეზი, პროფესორები მარკ კუნიჰოლმი და ლინორ გენსბურგი, ასევე ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის პროგრამების განვითარების ცენტრის დირექტორი ჯეიმს ტესორიერო ეწვივნენ.  ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძეს, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანს დიმიტრი კორძაიას და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ხელმძღვანელს მამუკა ჯიბუტს შეხვდა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. პროექტის ფარგლებში ჩვენი 10 დოქტორანტი აშშ-ში გაემგზავრება, მომზადდება და 10 კვალიფიციური მეცნიერი დაუბრუნდება საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენატანი მედიცინის იმ მიმართულების განვითარებაში, რომელიც ჩვენს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნავს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

პროექტის განხორციელებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩართულები არიან საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეცნიერები აივ-ის სფეროში კვლევების გამოცდილებით, ასევე აშშ-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ფაკულტეტების წარმომადგენლები.

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გლობალური ცენტრის დირექტორის ჯონ ჯასტინოს თქმით, აღნიშნული პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „ჩვენ არაერთი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ახლა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით, 5 წლიანი სასწავლო პროგრამის გრანტი გვაქვს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის კლინიკურ კვლევაში სადოქტორო პროგრამის გასაძლიერებლად,“ - განმარტა ცენტრის დირექტორმა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული მხარე სადოქტორო პროგრამას სრულად აფინანსებს, მათ შორის თსუ დოქტორანტების 8 თვიან ვიზიტს აშშ-ში. „ერთი მხრივ, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის სასწავლო გრანტი ძალიან პრესტიჟულია, მეორე მხრივ კი, სასიხარულოა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სერიოზულად მომზადებული 10 მკვლევარი ჩვენი თანამშრომელი გახდება და თავის კვლევასა და მოღვაწეობას ჩვენს ბაზაზე გააგრძელებს,“ - განაცხადა დიმიტრი კორძაიამ.

პროგრამის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ გეგმა 5 წლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: გრძელვადიან მოსამზადებელ კურსს, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადდება და ათივე მათგანი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას აშშ-ი გაივლის, პირველი ოთხი თვე ალბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში  - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. მოკლევადიან ტრენინგს, რომელიც იმპლემენტაციური კვლევის საკითხებში 30 პოსტ-დოქტორანტის/მოქმედი მკვლევრის მომზადებას გულისხმობს, რისთვისაც სასწავლო კურსებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები, ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებენ. თსუ სადოქტორო პროგრამისა და კვლევითი პარტნიორების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით კი, სადოქტორო პროგრამას ერთი ახალი სასწავლო კურსი დაემატება და ოთხი ძირითადი კურსი გაუმჯობესდება. პროექტი „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ 2020 წლის ივნისიდან ხორციელდება.

თარიღი: 18/10/2021