საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანა ღვინიაშვილი - "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად ფასეულია ადამიანის სიცოცხლე"...

ანა ღვინიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია, რომელიც მარტის თვეში ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესში მონაწილეობდა. კონგრესის ისტორიაში არც ისე ხშირია ფაქტი, როდესაც მონაწილედ სტუდენტებს იწვევენ და ანა სწორედ ამ გამონაკლისებს შორის მოხვდა. ანასთვის მისი მომავალი პროფესია,  უნივერსიტეტში მიღებული განათლება და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„პროფესიის არჩევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ბევრისთვის რთულია ისეთი პროფესიის არჩევა რომელიც ერგება ადამიანის ხასიათს, ფასეულობებსა და მიზნებს. პირადად ჩემთვის, ადამიანებზე ზრუნვა და სიყვარული ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, შესაბამისად, არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე რომ მსურდა ექიმი გამოვსულიყავი. ისევე როგორც უნივერსიტეტის არჩევა- მისი ხარისხიანი პროფესიული განათლების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და აქტიური სამეცნიერო საქმიანობის გამო.“

 

ანა თვლის, რომ მისი ცხოვრების ბოლო 6 წელი საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი  იყო. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული იყო პანდემიის პერიოდი: უამრავმა გათენებულმა ღამემ, რეანიმაციაში მორიგეობამ, ბევრი ადამიანის სიცოცხლესთან უშუალო შეხებამ, ბევრმა გამარჯვებამ და, სამწუხაროდ, დამარცხებამაც დაარწმუნა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება:  „ზუსტად ამ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად ფასეულია ადამიანის სიცოცხლე და რამდენად უფასურდება ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე, და რა თქმა უნდა იმაშიც, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე პროფესიის არჩევისას.“

 

პროფესიულ ზრდასთან ერთად, ანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა აქტივობებში ჩართულობასაც. მისი თქმით, სწორედ ეს ამ საქმიანობამ გამოუმუშავა მას ის საჭირო უნარები, რაც წარმატების მიღწევაში ეხმარება: „უნივერსიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მომცა გამოცდილების თუ ინფორმაციის მიღების -  იქნებოდა ეს სტუდენტური პარლამენტი, თსუ დესპანი,  სხვადასხვა საზოგადოების წევრობა, კვლევებში, კონფერენციებსა და კონგრესებზე დასწრება თუ მონაწილეობის მიღება.“

 

მარტის შუა რიცხვებში იტალიაში გაიმართა ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესი. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი ლექციები, აკადემიის სესიები, სიმპოზიუმები, პრეზენტაციები, პოსტერული სესია. კონგრესის სპიკერები იყვნენ რეპროდუქტოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის კორიფეები, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები. კონფერენციაზე განხილული იყო რეპროდუქტოლოგიის, გინეკოლოგიის, მეანობის, გენეტიკის და ეპიგენეტიკის აქტუალური საკითხები, ამ დარგის უახლესი მიღწევები. კონგრესში მონაწილეობას ანა განსაკუთრებულად მიიჩნევს და აღნიშნავს: „შემიძლია ვთქვა, რომ უზომოდ დიდი პატივი მერგო ვყოფილიყავი ამ მოვლენის არამხოლოდ დამსწრე, არამედ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც. ამ მასშტაბის პირველი კონგრესი იყო რომელშიც მონაწილეობა მივიღე და ალბათ სიტყვებით შეუძლებელია აღვწერო ჩემი ბედნიერება და სიამაყე რაც ამ გამოცდილებას მოჰყვა. "მქონდა წარდგენილი პოსტერი, რომელმაც უცხოელ კოლეგებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მქონდა სიტყვით გამოსვლა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.“ ანა სწორედ სიმპოზიუმზე განხილული საკითხის უფრო ღრმად შესწავლას და პრაქტიკაში დანერგვას აპირებს მომავალში. 

თარიღი: 13/05/2023