საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს მიეძღვნა ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  პრეს ატაშე ჯონ ფერი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

„სამდღიან კონფერენციაზე ბევრი მოხსენება იქნება წარმოდგენილი, მონაწილეები არიან არამხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მთელი საქართველოდან, უცხოელებიც გვყავს სტუმრად და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ბევრი დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობს,“ - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ

 

კონფერენციაზე სხვადასხვა დარგობრივ სექციაში 150-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა, წარმოდგენილი მოხსენებები  შეეხო ისტორიას, პოლიტიკას, რელიგიას, არქიტექტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, მასმედიას, სამართალს, ეკონომიკას, სოციალურ და ქალთა საკითხებს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს.

 

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვასილ კაჭარავას თქმით დარგობრივ სექციაში მუშაობის შემდეგ მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა. „კონფერენციაზე იკრიბებიან მთელი საქართველოდან, ასევე გვყავს ამერიკელი მონაწილეებიც. კონფერენციის მიზანია უფრო პროფესიული ინფორმაცია მივაწოდოთ ქართულ საზოგადოებას ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ და დავეხმაროთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და განვითარებას,“- განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  პრეს ატაშე აღნიშნავს,რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის მანძილზე, აშშ-ს უნივერსიტეტებში 6000-მდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო განათლება. „ჩემთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა, სასიამოვნოა სტუდენტებთან კომუნიკაცია, რომლებიც თავის სწავლასა და კარიერას უძღვნიან სხვადასხვა კულტურების შესწავლას და ამით აახლოებენ ამერიკასა და საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი სასწავლო ურთიერთობები ორმხრივია: ქართველი სტუდენტები ჩამოდიან ამერიკაში სასწავლებლად და ასეულობით ამერიკელი სტუდენტი ჩამოდის საქართველოში ცოდნის მისაღებად,“- განაცხადა ჯონ ფერიმ.


თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“ დაბეჭდავს.
 

თარიღი: 19/05/2022