თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალბომის – „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა.
ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოცემაში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშების ფოტორეპროდუქციები, ასევე ქართველი პოეტების ლექსები, რომლებიც დიდი ქართველი მეცნიერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და ღვაწლს ეძღვნება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის როლზე ქართული ისტორიოგრაფიისა და ეროვნული სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებაში. მან ისაუბრა დიდი მეცნიერის ცხოვრებაზე, მის მრავალმხრივ სამეცნიერო მემკვიდრეობასა და იმ ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებს ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარებისთვის აქვს.
„მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა კარგად იცოდნენ, რა საფუძველზე იდგა და დღესაც დგას ქართული საისტორიო მეცნიერება. ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის შესწავლა, დაცვა და ახალი თაობებისთვის გადაცემა ჩვენი პასუხისმგებლობაა,“ – აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.
ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოცემის ფინანსური მხარდაჭერისა და ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა ალბომის ავტორებს - ზურაბ გაიპარაშვილსა და ირინე აბესაძეს, საორგანიზაციო ჯგუფს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს წევრი ბექა ოდიშარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.