საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (EHESS) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ალბომი მომზადდა  თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის, სალომე ჭანტურიძის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლის, ანტონ ვაჭარაძის მიერ.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) საგარეო საქმეთა მინისტრობამდე აკაკი ჩხენკელს დიდი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ის იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი. აკაკი ჩხენკელი მონაწილეობდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ტრაპიზონის და ბათუმის სამშვიდობო კონფენრეციებში, რის შედეგადაც, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აკაკი ჩხენკელს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მოწვევით, წილად ხვდა უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს, პირველი სიტყვის წარმოთქმის პატივი.

 

პარიზში აკაკი ჩხენკელისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პროფესორი გოჩა ჯავახიშვილი - საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში; პროფესორი კლერ მურადიანი - რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორი; შარლ იურევიჩი - ემერიტუსი პროფესორი, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის პრეზიდენტი; აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი: თამარ ჩხენკელი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილები: ქრისტინე ფაღავა - ბულეზი და ირენ ციციშვილი, ასევე ემიგრანტთა შთამომავლები და მოწვეული სტუმრები.

 

ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლები შედიოდნენ შეხვედრები გამართეს: პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (INALKO) და ლევილის კომუნაში.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

თარიღი: 31/01/2023