საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საქართველოში არმენოლოგიის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის თსუ ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. უნივერსიტეტის ოქროს მედალთან ერთად, ცნობილ ქართველ მეცნიერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს, აკადემიკოს ზაზა ალექსიძეს კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს გადაეცა.
 

დაჯილდოების ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ზაზა ალექსიძის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს, საპატიო ჯილდოები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტმა მზაღო დოხტურიშვილმა პირადად გადასცეს.
 

ზაზა ალექსიძე, ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, ტექსტოლოგი, ქართული, სომხური და ალბანური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის მკვლევარი, რომელიც წლების გნავლობაში მუშაობს ქართველოლოგიის, არმენოლოგიის და ალბანისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, სიღრმისეულად იკვლევს ქრისტიანული კავკასიის ისტორიულ, კულტუროლოგიურ და რელიგიურ ასპექტებს. ის სწორედ იმ მეცნიერთა რიცხვს განეკუთვნება, ვინც ერთნაირად თავისუფლად ფლობს ჰუმანიტარიის სხვადასხვა დარგების მონაცემებსა და კვლევის მეთოდებს.
 

გარდა აღნიშნული საკითხებისა იგი ასევე, მუშაობდა მნიშვნელოვან პრობლემებზე - ატენის სიონის სომხური და ქართული ეპიგრაფიკა, მცხეთის ჯვრის პოსტამენტის წარწერა და ამ ძეგლის განსაკუთრებული ისტორიულ კულტურული მნიშვნელობა, ქართული  მხედრული დამწერლობის გაჩენა, დავათის სტელები,  ტაოდან გამოსულ მოღვაწეთა ვინაობა, უძველესი ქართული სოციალური ტერმინები, გრიგოლ ბაკურიანისძის წარმომავლობა, ქართული და სომხური პალიმფსესტები, ძველ სომხურ წყაროთა მონაცემები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხების ირგვლივ და სხვა.
 

 „საუკუნის აღმოჩენა“ - ასე შეფასდა ზაზა ალექსიძის მიერ ალბანური მწერლობის ძეგლის აღმოჩენა, რის შედეგადაც მკვლევრებს საშუალება მიეცათ, შეესწავლათ კავკასიის დაკარგული ქვეყნის, დაკარგული ხალხის ენა და მწერლობა. ის გახდა ფუძემდებელი ალბანოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის. ქართულ-ალბანური პალიმფსესტის აღმოჩენამ და გაშიფვრამ ბიძგი მისცა სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში და ცული პალიმფსესტების შემსწავლელი საერთაშორისო მრავალდარგობრივი პროექტის ამოქმედებას, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ჩაერთნენ და რომლის შედეგებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცოდნა შუა საუკუნეების შესახებ.
 

ზაზა ალექსიძე არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.

 

თარიღი: 04/07/2022