eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო კონფერენცია

ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, უნივერსალური უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებები, მიგრაციისა და განათლების უფლების საკითხები, ასევე ხელოვნური ინტელექტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ადამიანის უფლებებზე - ამ საკითხებზე ისაუბრეს ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მკვლევრებმა საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IV ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მორის შალიკაშვილმა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ირინე ქურდაძემ.

 

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო სფეროში ადამიანის უფლებების დაცვას, მეზღვაურთა ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხებს, ასევე ჯანმრთელობის უფლების რეალიზების თანამედროვე გამოწვევებს.

 

საერთაშორისო კონფერენცია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, COST Action BLUE-RIGHTS-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლევან ალექსიძის მემკვიდრეობის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის თანამედროვე განვითარებაში.

თარიღი: 25/09/2026