თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება - ლაბორატორიიდან კლინიკამდე“, რომელიც ეძღვნებოდა აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხსოვნას.
„თსუ ყოველთვის იყო მედიცინისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დამაკავშირებელი რგოლი, ამიტომ ლოგიკურიცაა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ ეს სიმპოზიუმი ეძღვნება ცნობილ მეცნიერს ვაჟა ოკუჯავას, რომლის სამეცნიერო ინტერესების სფერო ძალიან მასშტაბური იყო: ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმის კვლევა, ეპილეფსიის ნეიროფსიქოლოგიური საფუძვლების შესწავლა, ექსპერიმენტული და კლინიკური ნეიროფსიქოლოგია, ადამიანის ქცევის მეხსიერების კვლევა. ფსიქოლოგიურ მოვლენათა კვლევა და სხვა,“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას მოღვაწეობასა და ქვეყნის სამედიცინო სისტემის განვითარებაში სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
სიმპოზიუმში მონაწილეობენ დარგის წამყვანი მეცნიერები, რომელთაგან მერაბ და ზაზა კოკაიები, ვაჟა ოკუჯავას მოსწავლეები არიან. ისინი მოღვაწეობენ ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. მონაწილეებს შორის გახლდნენ ასევე: ეუგენ ტრინკა (ავსტრია) - ზალცბურგის პარაცელსის უნივერსიტეტის ნევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ეპილეფსიის წინააღმდეგ საერთაშორისო ლიგის (ILAE) ვიცე პრეზიდენტი. ჰელენ კროსი (დიდი ბრიტანეთი), ILAE ყოფილი პრეზიდენტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბავშვთა ჰოსპიტალის ხელმძღვანელი. მეთიუ უოკერი (დიდი ბრიტანეთი) ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეპილეფსიის კვლევის დეპარტამენტის დირექტორი, ჰენრიკ იოკაიტი (შვეიცარია), ციურიხის ეპილეფსიის ცენტრის ნეიროფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ნევროლოგები, ნეირომეცნიერები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები.