საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კვირეულის ფარგლებში საქართველოს 10 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

თსუ პროფესორის, მორის შალიკაშვილის თქმით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ადამიანის უფლებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგება. „თსუ იურიდიული ფაკულტეტი ამ ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული. კერძოდ, გაიმართა თსუ პროფესორის კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია კონვენციის მე-16 ოქმის მიხედვით: გამოწვევები და პერსპექტივა“ და სტატიათა კრებულის - „ადამიანის უფლებათა დაცვა: კანონმდებლობა და პრაქტიკა“ წარდგენა“ - აღნიშნა მორის შალიკაშვილმა.

კვირეულის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).



თარიღი: 10/12/2018